ცვლილებები „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, ახალი ცნებები და საგადასახადო შეღავათები
„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონი 2016 წელს მიიღეს, რომლის ძირითადი მიზანია ქვეყანაში ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობა, სტარტაპების წახალისება და ხელშეწყობა, ტექნოლოგიების სფეროს განვითარება. 2025 წელს რიგი ცვლილებები შევიდა ამ კანონში, რომლებიც ამავე წლის 24 სექტემბრიდან ამოქმედდება.
კანონში ჩნდება ახალი ტერმინებია როგორიცაა: ტექნოლოგიური პარკი, აქსელერაცია, ინოვაციური სტარტაპი, ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, ანგელოზ ინვესტორთა ქსელი, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანია, კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია.
პირველ რიგში განვმარტოთ ტერმინი ინოვაცია - ეკონომიკური, სამეცნიერო ან სოციალური ღირებულების მქონე, გამოყენებადი, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება, რომელიც შესაძლებელია იყოს სხვადასხვა სახის, მათ შორის: ინოვაციური პროდუქტი, ინოვაციური პროცესი, ორგანიზაციული ინოვაცია, ინოვაციური მარკეტინგი.
ტექნოლოგიური პარკი − ინფრასტრუქტურული სივრცე, რომელიც დაინტერესებულ პირებს ტექნოლოგიურ, ინფრასტრუქტურულ და პროფესიულ მომსახურებებს უწევს;
აქსელერაცია − ეს არის მექანიზმი, რომლის მიზანი ინოვაციების ხელშეწყობაა, კონკრეტულად ინოვაციური საქმიანობის სუბიექტის, რომელიც კონკურსის წესით შეირჩევა, სამუშაო სივრცით უზრუნველყოფა, ბიზნესიდეისა და მოდელის განვითარება და დახვეწა და საჭიროების შემთვევაში ინვესტიციის განხორციელება.
ანგელოზ ინვესტორთა ქსელი - იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს არანაკლებ 10 ანგელოზ ინვესტორს, რომლებმაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ ქსელის მეშვეობით განახორციელეს ჯამურად არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიცია სულ მცირე 5 კომპანიაში, რის სანაცვლოდაც თითოეულ მათგანში წილის არაუმეტეს 20%-ს ფლობენ.
ინოვაციური სტარტაპი - სამეწარმეო საზოგადოება, რომელიც ახორციელებს ინოვაციურ საქმიანობას და აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ:
- · იგი ქმნის ინოვაციურ პროდუქტს, შეიმუშავებს ინოვაციურ პროცესს ან/და ეწევა ინოვაციურ მომსახურებას;
- · სტატუსის მინიჭების შესახებ განაცხადის წარდგენამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მოიპოვა არანაკლებ 100 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია ან სააგენტოსგან მოიპოვა არანაკლებ 150 000 ლარის ოდენობის საგრანტო დაფინანსება.
- · განცხადების წარდგენიდან სტატუსის მინიჭების მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება, იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.
სუბიექტს ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ენიჭება 1 წლის ვადით, რომლით სარგებლობაც ჯამურად არაუმეტეს 10 წლის ვადით არის შესაძლებელი, თუმცა მოთხოვნები იზრდება მომდევნო 3 წლის განმავლობაში სუბიექტი ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მოქმედების ვადის 3-ჯერ გაგრძელებას შეძლებს თუ მას სტატუსის მოპოვების მე-3 წლის ბოლოსთვის მიღებული აქვს ჯამურად არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია, რომლის სულ მცირე 30% არის საინვესტიციო ფონდისგან, ანგელოზ ინვესტორთა ქსელისგან ან ამ ქსელის წევრისგან ან/და აქსელერატორისგან მიღებული ინვესტიცია.
საგადასახადო შეღავათები ინოვაციური სტარტაპისთვის
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭებიდან პირველი 3 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება;
საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ოდენობის ფარგლები ჯერ ცნობილი არ არის.
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მინიჭების მე-4 წლიდან მომდევნო 3 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო იმავე პერიოდში ინოვაციური სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთი 5%-ია;
მე-7 წლიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 10%-იანი განაკვეთით იბეგრება, ხოლო იმავე პერიოდში ინოვაციური სტარტაპის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ია.
ასევე, კანონი აწესებს შეზღუდვას, რომ სუბიექტს ინოვაციური სტარტაპის სტატუსთან ერთად საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსი ვერ ექნება. თუ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი მიენიჭა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის ან ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონე სუბიექტს, მხოლოდ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი დარჩება ძალაში.
ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი - ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ სამეწარმეო საზოგადოებას, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
· წინა ფინანსური წლის განმავლობაში კვლევისა და განვითარებისთვის გაწეული ხარჯების მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 5%, არანაკლებ 100 000 ლარია;
· იგი არის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მესამე კატეგორიის საწარმო ან მეოთხე კატეგორიის საწარმო.(მოთხოვნების ჩამონათვალი არასრულია).
სუბიექტს ეს სტატუსი ენიჭება უვადოდ.
საგადასახადო შეღავათები ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიისთვის
თუ კომპანია წინა წლის წმინდა მოგებიდან დივიდენდს გაანაწილებს, მას შეუძლია შეამციროს გადასახდელი მოგების გადასახადი იმ თანხის სამმაგი ოდენობით, რაც კვლევასა და განვითარებაზე დახარჯა წინა ფინანსურ წელს.
ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტი უფლებამოსილია მოგების რეინვესტირების შემთხვევაში ისარგებლოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ხელშემწყობი მექანიზმებით.
კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანია ეს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს იმ სუბიექტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- · საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებულია სამეწარმეო საზოგადოება;
- · მისი ძირითადი საქმიანობა არის საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „ეკონომიკური საქმიანობის სახეები“ 72.1 კოდით გათვალისწინებული „კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში“ და წინა წელს მიღებული ჯამური შემოსავლის არანაკლებ 80% უნდა იყოს ამ საქმიანობიდან მიღებული;
- · სტატუსის მინიჭების მომენტისთვის არ აქვს საგადასახადო დავალიანება, იგი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის არ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.
სუბიექტს ამ მუხლით განსაზღვრული სტატუსი ენიჭება ერთჯერადად, უვადოდ.
საგადასახადო შეღავათები კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიისთვის
კვლევისა და განვითარების მომსახურების გამწევი კომპანიის მიერ შესაბამისი სტატუსის მოქმედების პერიოდში გაცემული ხელფასი საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით დაიბეგრება, მოგების გადასახადის განაკვეთიც 5% იქნება.
აღსანიშნავია, რომ სუბიექტი “ინოვაციების შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სტატუსის მქონედ ითვლება სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.



