კითხვა სისხლის სამართლის ადვოკატს: ფულის გათეთრება (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია)
ავტორი: ნიკოლოზ მესხიშვილი, LTA ასოცირებული პარტნიორი
რუბრიკა კითხვა სისხლის სამართლის ადვოკატს მოიცავს სისხლის სამართის საკითხების სერიას, სადაც LTA პარტნიორი სისხლის სამართლის ადვოკატი ნიკოლოზ მესხიშვილი განიხილავს სხვადასხვა სისხლის სამართლებრივ საკითხს. მოცემულ სტატიაში განიხილება კონკრეტულად ფულის გათეთრების დანაშაული. სტატია მოიცავს საკანონმდებლო რეგულირების ნაწილს, პრაქტიკას და ავტორის პირად მოსაზრებებს.
საქართველოს კანონმდებლობა „ფულის გათეთრების“ შესახებ
საქართველოს კანონმდებლობა სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად აკვალიფიცირებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, იგივე ფულის გათეთრებას. აღნიშნული პოლიტიკა პირველ რიგში ეფუძნება საერთაშორისო სამართალსა და მის მოთხოვნებს. კერძოდ: 1988 წლის გაეროს ვენის კონვენციას „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და ევროპის საბჭოს 1990 წლის სტრასბურგის კონვენციას „ფულის გათეთრების, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული შემოსავლების მოძიების, ამოღებისა და კონფისკაციის შესახებ.“
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში მოქმედებს სპეციალური კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ,“ რომელიც განსაზღვრავს სხვადასხვა ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშვალდებულებას, ასევე გასატარებელ საზედამხედველო, პრევენციულ და მაკონტროლებელ ღონისძიებებსა და მათი განხორციელების სპეციფიკას. თუმცა, როდესაც პრაქტიკაში გვხვდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შემთხვევები, ძირითად სახელმძღვანელო ნორმად გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლი, რომლის 1-ლი ნაწილის თანახმად:
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესეიგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა (ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა ან სხვა მოქმედება) მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის ან/და სხვა პირისთვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობაში დამამძიმებელი გარემოების ან/და გარემოებების არსებობა მკვეთრად აისახება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, როგორც სისხლისსამართლებრივი დანაშაულის კატეგორიზაციასა და შესაბამისად, პოტენციურ სასჯელშიც. კანონმდებლობით დადგენილია შემდეგი დამამძიმებელი გარემოებები და სასჯელები:
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
გ) რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შემოსავლის მიღება,
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
აუცილებელია განისაზღვროს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება. კერძოდ, რა წარმოადგენს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის უკანონო ქონებას, დაუსაბუთებელ ქონებას, დიდ ოდენობასა და განსაკუთრებით დიდ ოდენობას. ასევე რა დამსჯელ მექანიზმებს ითვალისწინებს კანონმდებლობა იურიდიული პირების მიმართ:
- უკანონო ქონებას წარმოადგენს ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომელიც/რომლებიც პირს, მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს მოპოვებული აქვთ კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
- დაუსაბუთებელ ქონებად ითვლება ქონება, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავალი, აქციები (წილი), რომლის/რომელთა კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები პირს , მისი ოჯახის წევრს, ახლო ნათესავს ან დაკავშირებულ პირს არ გააჩნია ან იგი მოპოვებულია უკანონო ქონების გასხვისების შედეგად მიღებული ფულადი სახსრებით.
- უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისათვის დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი 30 000 ლარიდან 50 000 ლარამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად - 50 000 ლარს ზევით.
- დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში იურიდიულ პირს ემუქრება ლიკვიდაცია ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და ჯარიმა.
ფულის გათეთრების ზოგადი სქემები და უნივერსალური მოდელი
ქართული საერთო სასამართლოების პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ჩვენს სამართლებრივ სივრცეში აღიარებული და სრულად გაზიარებულია ფულის გათეთრების საერთაშორისოდ მიღებული, 3-სტადიიანი მოდელი (განიხილება ქვემოთ).
ცხადია, ფულის გათეთრების უამრავი სქემა არსებობს და ახლებიც შეიძლება შეიქმნას. ძირითადი სქემაა, როდესაც ნაღდი ფული გარდაიქმნება უძრავ ქონებად, რომლის შემდგომი რეალიზაციის გზით მიღებული შემოსავლის კანონიერებას, ერთი შეხედვით, საფრთხე არ ემუქრება. ამ პროცესში, ერთგვარი „კომფორტის შემქმნელია“ ის გარემოება, რომ შესყიდვებისას, შემძენს არ სჭირდება ქონების დაგროვების დოკუმენტაციის წარმოდგენა. ამასთან, თანამედროვე საშუალებების გამოყენება ამარტივებს ფულის გათეთრების სქემებს და კიდევ უფრო მეტად ართულებს მათ გამოვლენას. ამის მაგალითია, როდესაც პირი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, უკანონო ქონებრივ სარგებელს იღებს კრიპტო ვალუტის სახით. ამ შემთხვევაში, აღნიშნული რესურსის წარმომავლობის დაფარვა და მის კანონიერ სამოქალაქო ბრუნვაში ინტეგრაცია უფრო მარტივდება.
ფულის გათეთრების ობიექტური მხარის მეორე გავრცელებული ფორმაა, როდესაც იმალება/ინიღბება უკანონო შემოსავლის წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, მასზე საკუთრების ან/და სხვა უფლებები. ამ მოქმედებების განხორციელება შეიძლება როგორც მოქმედებათა ჯაჭვით, ასევე უმოქმედობითაც, რის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია დეკლარაციის შევსების მომენტში დეკლარანტის მხრიდან გარკვეულ ქონებაზე უფლების ქონის დამალვაც განვიხილოთ.
ასევე მრავალფეროვანია უკანონო შემოსავლის წყაროებიც. ძირითადად გავრცელებულ წყაროებად მაინც მექრთამეობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, უკანონო სამეწარმეო და სხვა სახის საქმიანობები, იარაღით ვაჭრობა, სექს მომსახურება და პორნოგრაფია უნდა განვიხილოთ. თუმცა მექანიზმების, წყაროებისა და სქემების მრავალფეროვნების მიუხედავად, ნებისმიერი მათგანი მაინც ჯდება 3-სტადიად დაყოფილ მოდელში, რომლის დროსაც:

I სტადია
ხორციელდება არალეგალური შემოსავლის ლეგალურ ფორმებში გადაყვანა. ამ დროს დამნაშავის მიზანია ნაღდი ფულის ამოღება შეძენის ადგილმდებარეობიდან და მისი სხვა ფორმებში გადაყვანა.
მტკიცებულებების უმეტესი ნაწილი სწორედ ამ სტადიაზე რჩება და შესაბამისად დანაშაულის გახსნის ალბათობა ამ ეტაპზე ყველაზე მაღალია. ამას განაპირობებს ის გარემოება, რომ ყველაზე მეტი დოკუმენტური კვალი სწორედ ამ დროს რჩება. შესაბამისად, პირველ სტადიაზე წარმატების მიღწევის შანსი ორ ძირითად ფაქტორზე გადის: 1) ანონიმურობა და 2) ქონება დიდხანს არ უნდა დარჩეს პირველად შეძენილ აქტივებში.
II სტადია
ეს არის განაწილების სტადია, როდესაც განზრახ იქმნება ფინანსური ოპერაციების ჯაჭვი ფულის წარმომავლობის კვალის წასაშლელად. ამგვარად, აღნიშნულ სტადიაზე უნდა მოხდეს უკანონო შემოსავლის მოწყვეტა მისი წყაროსგან.
აღნიშნული სტადია, სწორედ იმისთვისაა საჭირო და განსაზღვრული, რომ პირველ სტადიაზე დარჩენილი კვალის არევა ხდება. ამისათვის კი, არალეგალური აქტივები მაქსიმალურად უნდა დანაწევრდეს და იმავე ფორმის ლეგალურ აქტივებს შეერწყას. ამასთან, დანაწევრებული ნაწილები, როგორც წესი, ერთსა და იმავე ფინანსურ გზას არ გადიან. ძირითადად ამ ეტაპის წარმატებით დასრულება/ვერ დასრულებაზეა დამოკიდებული საბოლოოდ დანაშაულის გახსნის პერსპექტივების არსებობა.
III სტადია
ინტეგრაციის სტადია, როდესაც უკვე „გარეცხილი“ შემოსავალი, გათეთრებული ფული, ინტეგრირდება ქვეყნის ლეგალურ ფინანსურ სისტემაში.
ამ სტადიაზე ხდება წინა სტადიაზე დანაწილებული აქტივების ხელახალი კონსოლიდირება და ძირითადად, საბანკო სისტემაში კეთილსინდისიერად დაგროვებული ქონების სახით ჩადება. ასევე განსაკუთრებით გავრცელებულ ფორმას წარმოადგენს უკანონო ნაღდი ფულის სხვაგვარ ღირებულებად, მაგალითად უძრავ ქონებად გარდაქმნა და საბოლოოდ ამ ქონების რეალიზაციის გზით კვლავ ფულადი სახსრების მიღება.
ფულის გათეთრების სამართლებრივი ბუნება და მისი აუცილებელი კავშირი სხვა პრედიკატულ დანაშაულებთან
აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ფულის გათეთრება განზრახი დანაშაულია, რაც გულისხმობს რომ ზემოთ დასახელებული სამი სტადიიდან, ნებისმიერი კონკრეტული მოქმედების განხორციელებისას, პირს შეცნობილი უნდა ჰქონდეს, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული და ამასთანავე, მიზნად უნდა ისახავდეს მისთვის კანონიერი სახის მიცემას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის სამართლებრივი ანალიზის შედეგად მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ფულის გათეთრების ჩადენისას არ შეიძლება კონკრეტული პირის მიზანი იყოს დაუსაბუთებელი ან/და უკანონო ქონების მოპოვება. რეალურად, მას ეს ქონება იქამდე უნდა ჰქონდეს მოპოვებული, სანამ მის გათეთრებას დაიწყებს და აღნიშნული ქონება მის ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა იყოს, თუ რა თქმა უნდა, სხვა პირისათვის ფულის გათეთრებაში დახმარებასთან არ გვაქვს საქმე, რა დროსაც ქონების ფაქტობრივ ფლობას სწორედ ის პირი შეიძლება ახორციელებდეს, რომელსაც ამ ქონების გათეთრებაში ეხმარებიან.
რეალურად, მივდივართ იმ მოცემულობამდე, რომ პირდაპირ, ყოველგვარი წინარე ქმედების ან/და ქმედებათა ჯაჭვის არსებობის გარეშე, პრაქტიკულად გამორიცხულია ფულის გათეთრების ბრალდებით პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. ამ შემთხვევაში კი ფულის გათეთრება უფრო მეტად დანაშულის დაფარვის სახედ გვევლინება, რომელიც სწორედ ამ დაფარვის გამო გადაიზრდება ახალ დანაშაულში.
ეს ნიშნავს რომ თუ პირს უკვე ჩადენილი არ აქვს რაიმე სახის სამართალდარღვევა, ან არ ეხმარება სამართალდარღვევის ჩამდენს, სხვა შემთხვევაში მას ფიზიკურად არ შეუძლია ფულის გათეთრება.
ქართული სისხლის სამართლის კოდექსის წინა ვარიანტი ამგვარ ქმედებას მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენით შემოფარგლავდა, თუმცა დღესდღობით არსებული საკანონმდებლო გადაწყვეტით აუცილებლობას აღარ წარმოადგენს მაინცდამაინც სისხლის სამართლის დანაშულის არსებობა. კერძოდ, თუ პირმა ჩაიდინა ნებისმიერი სამართალდარღვევა, იქნება ეს: სისხლის სამართლის დანაშული, ადმინისტრაციული გადაცდომა და სამოქალაქო დელიქტიც კი და ამ გზით მან მიიღო ფინანსური სარგებელი, თუ იგი გააგრძელებს ქმედებას ამ სარგებლისათვის ლეგალური სახის მისაცემად, მხოლოდ ფორმალური მხარე დარჩება დასაკმაყოფილებელი, რათა ფულის გათეთრებამდე და შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით ბრალის წაყენებამდე მივიდეს.
აქვე გასათვალისიწინებელია ის გარემოებაც, რომ ფულის გათეთრებისათვის პირის მსჯავრდებისათვის აუცილებლად სავალდებულო არ არის, რომ იგი მსჯავრდებული იყოს იმ დანაშულისათვის, რომლის ჩადენის შედეგადაც მან მოიპოვა ის უკანონო ქონება, რომელიც შემდეგ გაათეთრა.
უფრო მეტიც, დანაშული გადაჰყვება ქონებას მის ახალ პოტენციურ შემძენთან, მოსარგებლესთან ან გამყიდველთან. ეს შესაძლოა სერიოზულ სამართლებრივ პრობლემებთან გახდეს დაკავშირებული მესამე პირებისათვის, თუმცა ამ შემთხვევაში გამოსავალი შესაძლოა იყოს ის გარემოება, რომ მათ არ ჰქონდათ და არც შეიძლება ჰქონოდათ ინფორმაცია ქონების წარმომავლობის შესახებ. თუმცა ამ გამოსავლის არარსებობის პირობებშიც კი, მთავარია, დაცვის მხარის ძალისხმევისა და არსებული ფაქტობრივი გარემოებების ფონზე ბრალდების მხარემ ვერ მოახერხოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილება. ამ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა ვერ შეიკვრება და ბრალდებული გამართლდება წარდგენილ ბრალდებაში.
ფულის გათეთრებით მიღებული ქონების ჩამორთმევა
კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხის გარდა, მნიშვნელოვანია განისაზღვროს უშუალოდ იმ ქონებრივი რესურსის ბედიც, რომლის გათეთრებაც იყო პოტენციური კანონდამრღვევის მიზანი. საქართველოს კანონმდებლობა ამგვარი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის საშუალებას იძლევა როგორც სისხლის სამართლის, ისევე სამოქალაქო სამართლის წესით:
სისხლის სამართლის წესით ჩამორთმევას ექვემდებარება: დანაშაულის საგანი, იარაღი, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთი, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება და მისი ეკვივალენტი.
ამგვარი ქონების ჩამორთმევა ხდება იმის მიუხედავად, იგი ბრალდებულის ან მსჯავრდებულის საკუთრებაშია, თუ უკვე მესამე პირის საკუთრებაში მოასწრო გადასვლა.
გარდა ამისა, ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევას აუცილებლად არ სჭირდება პირის არსებული ან მომავალი მსჯავრდება. მაგალითად, თუ ბრალდებული ქმედუუნაროა ან/და გარდაიცვალა, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გამოცემული მოსამართლის განჩინებით ხდება ქონებაზე ყადაღის დადება მისი შესაძლო ჩამორთმევის მიზნით. გადაუდებელი აუცილებლობის ან დასაბუთებული ვარაუდის არსებობის პირობებში, როდესაც ბრალდების მხარე დაასკვნის რომ ქონება შესაძლოა გადამალონ ან გაანადგურონ, პროკურორს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით შეუძლია გამოიტანოს დადგენილება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, რომლის კანონიერებასაც მოგვიანებით შეამოწმებს მოსამართლე.

სასამართლო პრაქტიკა ფულის გათეთრებაზე
ქართული საერთო სასამართლოების პრაქტიკა, ფულის გათეთრების საქმეებზე, მეტწილად ერთგვაროვნად უნდა ჩაითვალოს, მიუხედავად იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად გამამტყუნებელი განაჩენები არ დგება. დანამდვილებით შეიძლება იმისი თქმა, რომ თუ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით იკვეთება ბრალდებული პირის მიზანი – გაათეთროს ფული, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ სახეზეა მის მიერ შესრულებული მოქმედება ან მოქმედებათა ჯაჭვი, რომელიც მიმართული იყო მიზნის განსახორციელებლად და ზუსტად ეს გახდება მიზნის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებაც. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიენიჭება გარემოებას, თუ დანაშაულის რომელ სტადიაზეა დაკავებული პირი.
სასამართლოს სიმკაცრეს კი განაპირობებს ის ფაქტი, რომ ფულის გათეთრება ტრანსნაციონალურ დანაშაულად ითვლება. ასევე, იგი პირდაპირ მიმართულია სახელმწიფოსა და მისი ეკონომიკური სისტემის სტაბილურობის წინააღმდეგ. ამით შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ გამამტყუნებელ სასამართლო გადაწყვეტილებებში დასაბუთების ბევრად დაბალი სტანდარტი შეიმჩნევა, ვიდრე გამამართლებელ გადაწყვეტილებებში. ეს უკანასკნელი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში დგება, როდესაც აშკარაა მიზნის/განზრახვის არარსებობა. მაგრამ, თუ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში, ნათლად არ იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის დარღვევა, ამ შემთხვევაში სასამართლო, პროკურატურის პოზიციის მიუხედავად, არ დაადგენს ფულის გათეთრების ფაქტის არსებობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმე 2012 წლის 2კ-370აპ.-12
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2012 წლის 2კ-370აპ.-12 გადაწყვეტილებაში განიხილა საკასაციო საჩივარი, რომელიც ეხებოდა დამფუძნებლისა და იურიდიული პირის წილის ერთადერთი მესაკუთრის წინააღმდეგ პირველი და მეორე ინსტანციების მიერ დაყენებულ გამამტყუნებელ განაჩენებს, რომელთა ძალითაც, პირს შეფარდებული ჰქონდა 10 წლიანი პატიმრობა ფულის გათეთრების ბრალდებით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შემოსავლის მიღება.
აღნიშნულ საქმეში სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე თუ როგორ ჰქონდათ გაგებული მართლმსაჯულების ორგანოებს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, კერძოდ კი ფულის წყაროს ცნება (ანუ იყო თუ არა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ის ქონება, რომლის გათეთრების ბრალდებითაც პირს მისჯილი ჰქონდა პატიმრობა). საინტერესოა ის ფაქტი, რომ ის თანხა, რომლის გათეთრებაზეც იყო საუბარი, იურიდიული პირის ანგარიშზე სახელმწიფოს მიერ იყო ჩარიცხული სატენდერო ვალდებულებებიდან გამომდინარე. სასამართლომ დაასკვნა, რომ ფულის გათეთრების არსებობისათვის, პირველ რიგში, აუცილებელი იყო, რომ „გასათეთრებელი“ ქონება ყოფილიყო უკანონო ან/და დაუსაბუთებელი და უკვე შემდგომ, ბრალდებული/მსჯავრდებული პირის მიერ განხორციელებული ქმედებებით მას მისცემოდა კანონიერი სახე.
პროკურატურამ და საქალაქო/სააპელაციო სასამართლოებმა დაუშვეს სრული ნონსენსი, როდესაც მათ სახელმწიფოს მიერ, კონკრეტული საქმიანობის განხორციელების გამო, ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით ჩარიცხული თანხა, პრაქტიკულად უკანონო წარმოშობის თანხად ჩათვალეს. უზენაესმა სასამართლომ გაამართლა მსჯავრდებული და გაათავისუფლა სხდომათა დარბაზიდან, ასევე მიუთითა მის უფლებაზე, მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. (მუხლი 92).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმე ფულის გათეთრებაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ექსტრადიციის შესახებ საქმეთა განხილვისას
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიდგომა და პრაქტიკა იმ ადამიანთა საჩივრებზე, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქენი არიან და ამავდროულად საზღვარგარეთ, რომელიმე ქვეყანაში ბრალი ედებათ ფულის გათეთრებაში. ასეთ შემთხვევებში სასამართლო, პირველ რიგში, ფორმალურად ამოწმებს ხომ არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები. ესენია: ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპი, (ნიშნავს რომ ის დანაშულებრივი ქმედება, რის გამოც პირის ექსტრადაციას ითხოვენ, საქართველოშიც დანაშაულს უნდა წარმოადგენდეს), ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპი (NE BIS IN IDEM; ანუ ერთი და იმავე დანაშაულისათვის მეორედ ხომ არ ასამართლებენ ან სჯიან პირს) და ხანდაზმულობის პრინციპი (ხომ არ არის გასული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადა). ასევე ხომ არ არის დარღვეული მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ასევე, ქართული სასამართლო არ მსჯელობს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ბრალეულობაზე, რაც ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს პრეროგატივად მიიჩნევა. პირის ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება დანაშაულებრივი ქმედების ძირითადი ელემენტები (დისპოზიცია) მისი მაკვალიფიცირებელი გარემოებების შეფასების გარეშე - (საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე № 2კ-17-I-18).
ასევე, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება მომთხოვნი სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ქმედების კვალიფიკაცია და დანაშაულის კატეგორია. მითითებული პრინციპი დაცულად მიიჩნევა, თუკი საექსტრადიციო მასალებში აღწერილი ქმედების ძირითადი ელემენტები დასჯადია საქართველოს კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა აღნიშნული კვალიფიკაცია მომთხოვნი სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ კვალიფიკაციას (საქართველოს უზენაესი სასამართლო, საქმე № 2კ-32-I-17).
თუმცა პირის ბრალეულობაზე მსჯელობის გამონაკლისი შემთხვევა მაინც შეიძლება დადგეს. აღნიშნული საკითხის თეორიულ მხარეზე იმსჯელა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ (საქმე № 2კ-354-I-21) და დაასკვნა, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ ბრალდების აშკარა დაუსაბუთებლობის ან/და ბრალდების მიღმა არასათანადო მოტივაციის საფუძვლით ექსტრადიციის დაუშვებლობის საკითხი სამართლიანი განხილვის უფლების კონტექსტში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება წარმოიშვას, კერძოდ: თუ ამ პირის მიმართ უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და იგი აშკარად დაუსაბუთებელია, ან ბრალდება აშკარად სცილდება სისხლის სამართლის ჩარჩოებსა და მიზნებს ან/და კანონის აშკარად განუჭვრეტად განმარტებას ეყრდნობა და ბრალდების მოტივაცია აშკარად არასათანადოა. ამასთან, სასამართლოს განმარტებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებების დასაშვებობისა და სარწმუნოობის შეფასებისა და ბრალდების შინაარსობრივი დასაბუთებულობის ხარისხი, თუ სასამართლოს მსჯელობა აღნიშნულ საკითხებზე არ აღწევს აშკარა არაგონივრულობის ან უკანონობის ზღვარს, არ ექცევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დაცვის სფეროში.
გარდა ამისა, ერთგვაროვანი პრაქტიკაა ჩამოყალიბებული დაცვის მხარის პოზიციის საწინააღმდეგოდ, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში კონკრეტული პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას დაემუქრება საფრთხე. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს სახელმძღვანელო პოლიტიკაა, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დევნის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხის არსებობა უნდა დადასტურდეს მტკიცების სტანდარტით, რაც გულისხმობს კონკრეტულ, უშუალოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ დევნისა და არასათანადო მოპყრობის საფრთხეების შესახებ მტკიცებულებების წარმოდგენას. აღნიშნულ მიდგომას ვერ ცვლის ექსტრადიციის მომთხოვნ ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახები ზოგადი ინფორმაცია, თუ იგი გამყარებული არ იქნება კონკრეტული მტკიცებულებებით, რომლებიც შექმნის არსებით საფუძველს იმის ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი დაექვემდებარება დევნას, არასათანადო მოპყრობას ან/და სიცოცხლის ხელყოფის საფრთხეს.
ფულის გათეთრებაში ბრალდებულ/მსჯავრდებულ ადამიანებს ამ შემთხვევაში ექსტრადიციისაგან თავის ასარიდებლად შეიძლება 2 ძირითადი გამოსავალი ჰქონდეთ: 1) საქართველოში მიცემული პოლიტიკური თავშესაფარი და 2) საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსი. თუმცა ეს მათი მშვიდი ცხოვრების გარანტია მაინც ვერ იქნება, რადგან ის საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობა, რომლებიც აღნიშნულ საკითხს აწესრიგებენ, არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც პირის ექსტრადიციას მესამე (არა წარმოშობის) სახელმწიფო ითხოვს.
რაც შეეხება სასამართლო წარმოების ვადებს. მსგავს შემთხვევებში აუცილებლად გამოიყენება აღკვეთი ღონისძიება - საექსტრადაციო პატიმრობა 3 თვის ვადით. მისი გაგრძელების პერსპექტივა, როგორც წესი დაცვის მხარის ტაქტიკაზეცაა დამოკიდებული და სასამართლოს მიერ დამატებით 3 თვით გაგრძელება შედარებით მარტივად მისაღწევია. მთლიანობაში კი 9 თვეზე მეტი არ შეიძლება გაგრძელდეს. ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლო არც პირის კონკრეტულად სხვა, ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოსათვის გადაცემის საკითხს წყვეტს და არც ვადებს ადგენს. იგი მხოლოდ ექსტრადიციის დასაშვებობაზე გასცემს სანქციას. საბოლოოდ კი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი არის ის უფლებამოსილი პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებისა და კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცემს ექსტრადიციის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებას. თუმცა, პრაქტიკაში ჯერ არ გვქონია შემთხვევა, რომ იუსტიციის მინისტრის ბრძანება სასამართლოს გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ყოფილიყო.
თუმცა, როგორც წესი, ფულის გათეთრებაში გამართლება მშვიდი ცხოვრების საწინდარი მაინც იშვიათად შეიძლება გახდეს. გამართლებული პირები იმ წინსწრები დანაშაულებისათვის მაინც ისჯებიან, რომლითაც ის ქონება მოიპოვეს, რომლის „გათეთრებაც“ არ დაუდასტურდათ. თუმცა რამდენადაც დანაშაულის სანქციები საკმაოდ მრავალფეროვანია, ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი, ეფექტურ დაცვასა და სწორ სტრატეგიას მაინც სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.
პასუხისმგებლობის უარყოფა: ეს არ არის იურიდიული რჩევა. ჩვენი მოსაზრება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის ან ხელისუფლებისთვის. ჩვენი იურიდიული ფირმის სათანადო იურიდიული კონსულტაციისთვის გთხოვთ დაჯავშნოთ კონსულტაცია.



