კითხვა სისხლის სამართლის ადვოკატს: ფარული ჩანაწერის მტკიცებულებად გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში
ავტორი: ნიკოლოზ მესხიშვილი, LTA ასოცირებული პარტნიორი
დღესდღეობით, ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდაა გავრცელებული ადამიანების მიერ საკუთარი ან/და სხვისი კერძო კომუნიკაციის ჩაწერა იმგვარად, რომ ამის შესახებ საუბრის ყველა მონაწილე ინფორმირებული არ არის და შესაბამისად, მათგან გამოხატული თანხმობაც არ არსებობს. საინტერესოა რამდენად აქვთ ასეთ ჩანაწერებს, რომლებიც ადამიანთა დიდი ნაწილის მობილურ ტელეფონებსა და სხვა ტექნიკურ საშუალებებში ინახება, სამართლებრივი ძალა, თუ მფლობელმა ჩათვალა რომ ამ ჩანაწერების გამოყენების დრო მოვიდა.
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის მტკიცებულებითი ძალის საკითხი სამოქალაქო და სისხლის სამართლის პროცესებში, რადგან ხშირად ადამიანებისათვის გაურკვეველი რჩება, თუ როგორ შეიძლება ერთი და იგივე სახის მტკიცებულება ერთ შემთხვევაში დასაშვები იყოს, ხოლო სხვა შემთხვევაში კი დაუშვებელი. სამოქალაქო სამართლის საქმეებისათვის დღეს მოქმედი სასამართლო პრაქტიკა კერძო კომუნიკაციის ფარულ ჩანაწერს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული დასაშვები მტკიცებულებების კატეგორიაში არ განიხილავს იმ ძირითადი არგუმენტაციით, რომ პირადი საუბრის ფარული ჩაწერა და შემდეგ უკვე მისი სასამართლოში მტკიცებულებად გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობის, ასევე პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებებს.
განსხვავებით სამოქალაქო სამართლის პროცესისაგან, სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულებების დასაშვებობის უფრო დაბალი სტანდარტია მიღებული, რისი ერთ-ერთი მაგალითიც სწორედ კერძო კომუნიკაციის ფარული ჩანაწერის მტკიცებულებად გამოყენებაა. სისხლის სამართლის პროცესში შეგვიძლია გამოვყოთ კერძო კომუნიკაციის ფარული ჩანაწერების ორი ძირითადი სახე:
1) კერძო კომუნიკაციის ფარული ჩანაწერი, რომელიც მოპოვებულია შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ, ფარული საგამოძიებო მოქმედების, კერძოდ სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის, ინფორმაციის მოხსნითა და ფიქსაციით კავშირგაბმულობის არხიდან, კომპიუტერული სისტემიდან, ასევე ფარული ვიდეო ან/და აუდიოჩაწერა.
2) კერძო კომუნიკაციის ფარული ჩანაწერი, რომელიც მოპოვებულია კერძო პირის მიერ, კონკრეტულ პირთან ან პირთა ჯგუფთან წარმართული საუბრის უნებართვო ჩაწერის შედეგად.
პირველ შემთხვევაში, ფარულად ჩაწერა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პროკურორის მოტივირებული დადგენილების საფუძველზე ხდება, რომელსაც შემდეგ პოსტ ფაქტუმ ამოწმებს და ადასტურებს მოსამართლე შესაბამისი განჩინებით. აღნიშნული გზით მოპოვებული კერძო კომუნიკაციის ფარული ჩანაწერი სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები მტკიცებულებაა.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, როდესაც კერძო საუბრის ფარულად ჩაწერა ხდება კონკრეტული პირის მიერ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს და ადგენს ისეთ დანაშაულებრივ ქმედებას, როგორიცაა: კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ორ სხვადასხვა ალტერნატიულ ქმედებას აერთიანებს:
1) კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება, აგრეთვე კომპიუტერულ სისტემაში ან სისტემიდან კერძო კომუნიკაციისას გადაცემული კომპიუტერული მონაცემის ან ამგვარი მონაცემის მატარებელი ელექტრომაგნიტური ტალღების უნებართვო მოპოვება ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ან კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ შენახვა;
2) კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა.
საინტერესოა, რამდენად გახდება აღნიშნული მუხლი და მისით ჩამოყალიბებული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკა იმის განმაპირობებელი ფაქტორი, რომ ადამიანი კერძო საუბრის ჩაწერისთვის დაისაჯოს მაშინ, როდესაც იგი შესაძლოა ფიქრობდა, რომ იყო ისეთი საუბრის მონაწილე, რომელსაც შესაძლებელია მოჰყოლოდა დანაშაულებრივი ქმედება ნებისმიერი სხვა პირის მიმართ, ან უბრალოდ თავს იზღვევდა, რათა მომავალი შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თავიდან აეცილებინა? პირველ შემთხვევაში, როდესაც კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა ან მიყურადება ხდება, ქართულ სისხლის სამართალში მოქმედებს საგამონაკლისო წესი, რომლის თანახმადაც, მართალია პირის ქმედება წარმოადგენს დანაშაულს, მაგრამ მას არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მის მიერ მოპოვებული/შენახული ინფორმაცია გადასცა საგამოძიებო ორგანოებს და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ მათ ამ სახით მიაწოდა ინფორმაცია. მაგრამ როდესაც მის ქმედებაში ალტერნატიულად ან პარალელურად შემოდის ქმედების მეორე ნაწილი, ანუ ამ ჩანაწერის იმგვარად გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, როდესაც ინფორმაციის ადრესატი არის ნებისმიერი სხვა პირი გარდა საგამოძიებო ორგანოსი, ამ შემთხვევაში უკვე ისეთ დანაშაულებრივ ქმედებასთან გვექნება საქმე, რომელსაც შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც მოჰყვება.
ზემოთ მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერძო კომუნიკაციის ფარული ჩანაწერის მტკიცებულებად გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში შესაძლებელია. სხვა შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებს არ ექნებოდათ ასეთი ჩანაწერების მიღების ინტერესი და მათი გადამცემები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ იქნებოდნენ გათავისუფლებულნი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მოუწია მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე, როდესაც მოსარჩელე მხარე ეჭვქვეშ აყენებდა კერძო კომუნიკაციის ფარული ჩანაწერის გამოყენებას სისხლის სამართლის პროცესში და მის დასაშვებ მტკიცებულებად ცნობას, რასაც მოჰყვა მტკიცებულებათა ერთობლიობის შეკრება და ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. მოსარჩელე მხარის პოზიცია აგებული იყო იმ ძირითად მოტივაციაზე, რომელსაც თავის დროზე დაეფუძნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ახალი პრაქტიკის ჩამოყალიბება და კერძო კომუნიკაციის ფარული ჩანაწერების დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ჩამოაყალიბა ის ძირითადი სამართლებრივი ხედვა, რომელზე დაყრდნობითაც კერძო კომუნიკაციის ფარული ჩანაწერის დასაშვებ მტკიცებულებად ცნობის სტანდარტი განისაზღვრა და შესაბამისად, დაინტერესებული პირებისათვის ამგვარი ჩანაწერების გაკეთების გონივრული მოტივაცია საბოლოოდ დადასტურდა. კერძოდ, როდესაც ვიწერთ კერძო კომუნიკაციას ფარულად, იმისათვის, რომ მისი არსებობა რეალური შედეგისმომცემი იყოს და ამასთან, ჩვენი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც არ დადგეს, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ძირითადი გარემოებები:
- რამდენად ეხება კონკრეტული კერძო კომუნიკაცია, მისი რომელიმე მონაწილის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის აღიარებას, მომავალში ჩასადენი დანაშაულის, ან განზრახვის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების დაფარვაში ან დანაშაულის ჩადენაში ხელშეწყობის დახმარების თხოვნას.
- შესაძლებელია თუ არა ის კონკრეტული საუბარი, რომლის მონაწილე, შემსწრე ვართ, სამომავლოდ ჩვენს წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული და იმ შემთხვევაში, თუ ამ კომუნიკაციას ფარულად ჩავიწერთ, იქნება თუ არა ეს ქმედება საკუთარი თავის წინასწარი დაცვა ან დაზღვევა.
- კერძო კომუნიკაცია რომლის მონაწილე, შემსწრეც ვართ, თავისი შინაარსით რა მიმართებაშია სახელმწიფოს სამართლებრივ პრიორიტეტებთან. მართლმსაჯულების განხორციელების საჯარო ინტერესსა და კერძო კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს შორის, რომელი სამართლებრივი სიკეთე გადასძალავს იმ საკითხებიდან გამომდინარე, რასაც კონკრეტული კერძო კომუნიკაცია მოიცავს.
- დაახლოებით დროის რა მონაკვეთში ვფიქრობთ ამ ჩანაწერების გამოყენებას, მისი საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაცემის გზით და რამდენად უზრუნველყოფს ჩვენს მიერ შერჩეული დროის შესაძლო პერიოდი მართლმსაჯულების პრევენციული გავლენის პრაქტიკულ მოქმედებას.
- რამდენად იქნება ჩვენს მიერ გაკეთებული კერძო კომუნიკაციის ფარული ჩანაწერი ავთენტიკური და უტყუარი იმ მომენტისათვის, როდესაც მის გამოყენებას გადავწყვეტთ, ამ უკანასკნელის საგამოძიებო ორგანოებისათვის გადაცემის გზით.
როგორც უკვე დავრწმუნდით, კერძო კომუნიკაციის ფარული ჩანაწერის გამოყენება სისხლის სამართლის პროცესში დასაშვებია. ეს დასაშვებობა, თავის მხრივ, მოიცავს იმ ლოგიკურ დათქმასაც, რომ კერძო პირის მიერ, კერძო კომუნიკაციის ფარულად ჩაწერაც დასაშვები ქმედებაა, მიუხედავად იმისა, რომ ცალკე აღებული, ამგვარი ჩანაწერის გაკეთება, მისი შენახვა ან/და გავრცელება სისხლისსამართლებრივი დანაშაულია. უბრალოდ საჭიროა სწორი შუალედის პოვნა დანაშაულებრივ, სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებასა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებებს შორის. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თუნდაც ყველაფერი კანონისა და მოქმედი სამართლებრივი პრაქტიკის შესაბამისად გვქონდეს გაკეთებული, არანაკლებ მნიშვნელოვანია უკანასკნელი ეტაპის სწორად გავლა, რაც კერძო კომუნიკაციის ფარული ჩანაწერის სწორ ამოღება/ფიქსაციას და მისთვის დასაშვები მტკიცებულების სამომავლო სტატუსის მისანიჭებლად აუცილებელი წინაპირობების ზედმიწევნით დაცვას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქმედება შესაძლოა გასცდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამორიცხვის ფარგლებს და ჩვენს მიერ გაკეთებული კერძო კომუნიკაციის ფარული ჩანაწერი ისევ ჩვენს წინააღმდეგ შემობრუნდეს, რაც უკვე გარდაუვალს გახდის ჩანაწერის ავტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომას.
თუ გჭირდებათ ექსპერტის ხელმძღვანელობა სისხლის სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ფარული ჩანაწერების მტკიცებულებად გამოყენებას ქართულ სისხლის სამართლის სასამართლოში, ჩვენი გამოცდილი სისხლის სამართლის ადვოკატი დაგეხმარებათ.
პასუხისმგებლობის უარყოფა: ეს არ არის იურიდიული რჩევა. ჩვენი მოსაზრება არ არის სავალდებულო სასამართლოსთვის ან ხელისუფლებისთვის. ჩვენი იურიდიული ფირმის სათანადო იურიდიული კონსულტაციისთვის გთხოვთ დაჯავშნოთ კონსულტაცია.



