კრიპტო-აქტივების / კრიპტოვალუტების სამართლებრივი სტატუსი და დაბეგვრა საქართველოში
მოცემული სტატია სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ემსახურება როგორც შესავალს და კრიპტოვალუტის მარეგულირებელი ძირითადი სამართლებრივი დოკუმენტების მოკლე მიმოხილვას; მეორე ნაწილში ჩვენ უფრო ჩავუღრმავდებით კრიპტოვალუტების მოპოვების (მაინინგის) სამართლებრივ სტატუსს და დაბეგვრას, და ბოლოს, მესამე ნაწილში დეტალურად განვიხილავთ იურიდიულ და საგადასახადო შედეგებს კრიპტოვალუტის მიღებაზე, შენახვაზე, მიწოდებასა და გაცვლაზე.
პასუხისმგებლობის უარყოფა: ეს არ არის იურიდიული, საგადასახადო ან საინვესტიციო რჩევა. ჩვენი მოსაზრება არ არის სავალდებულო არც ერთი სასამართლო ან საგადასახადო ორგანოსთვის. ნებისმიერი სახის ინვესტიცია შეიცავს რისკებს.
სიჩუმის დარღვევა
კრიპტოვალუტები (კრიპტოაქტივები) გაჩნდა ინტერნეტის განვითარების, ტექნოლოგიური ინოვაციების და ინფორმაციის უსაფრთხო, სწრაფი და იაფი გადაცემის, შენახვისა და აღრიცხვის საჭიროების შედეგად. ამავდროულად, კრიპტოავალუტამ უზრუნველყო სპეკულაციების, ფინანსური დანაშაულის ჩადენის ახალი გზებისა და უკანონო შემოსავლის უსაფრთხოდ მიღების შესაძლებლობა. ყოველივე ამან განაპირობა თანამედროვე სამართლებრივი და საგადასახადო ჩარჩოს შემუშავების აუცილებლობა, რომელიც დაეყრდნობა ტექნოლოგიას, მის შეთავაზებულ შესაძლებლობებსა და ასევე საფრთხეებს, რაც შეიძლება სამომავლოდ წარმოქმნას.
ქართველი მარეგულირებლები დუმდნენ კრიპტოაქტივების საკითხზე 2017 წლის 20 დეკემბრამდე (ეს იყო კრიპტოვალუტის ბაზრის კიდევ ერთი უზარმაზარი ზრდის პერიოდი). ამ დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა გაფრთხილება, სადაც ნათქვამი იყო შემდეგი:
„...ვირტუალური ვალუტა საქართველოში არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას. მასთან დაკავშირებული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და, შესაბამისად, ვირტუალური ვალუტა არ წარმოადგენს ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროს...“
განცხადებით ასევე გააფრთხილეს ციფრული ვალუტის მომხმარებლები, გაანალიზონ პოტენციური იურიდიული და ფინანსური რისკები, რომლებიც დაკავშირებულია მათ არამდგრადობასთან, ფუნქციონირების დეცენტრალიზებულ გზასთან, დაურეგულირებელი გაცვლის პლატფორმებთან და ანონიმურობასთან.
აღნიშნული გაფრთხილებიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა შემდეგი პოზიცია დააფიქსირა:
- 1. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით;
- 2. საქართველოს ეროვნული ბანკი არ არეგულირებს ციფრულ ვალუტას საქართველოში;
- 3. კრიპტო არ არის კანონიერი გადახდის საშუალება საქართველოში;
- 4. კრიპტო ატარებს იურიდიულ და ფინანსურ რისკებს მომხმარებლებისთვის.
კრიპტო-აქტივების განმარტება
აღსანიშნავია, რომ საქართველოში კრიპტოვალუტის შესახებ ცალკე კანონი ჯერ კიდევ არ არსებობს. ამავდროულად, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა გამოსცა 2019 წლის 28 ივნისის საჯარო გადაწყვეტილება N201, რომელიც არის საქართველოს ერთადერთი ნორმატიული აქტი (კანონმდებლობა), რომელიც დეტალურად ადგენს რა არის კრიპტოაქტივები და მათთან დაკავშირებული საგადასახადო შედეგები.
შენიშვნა: საჯარო გადაწტვეტილება არის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ინსტრუმენტი, რომელიც განმარტავს საგადასახადო კანონმდებლობის ცალკეული დებულებების გამოყენებას. თუ პირი მოქმედებს საჯარო დადგენილების შესაბამისად, მონიტორინგის / სამართალდამცავმა ორგანოებმა არ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება საჯარო გადაწყვეტილებას და არ დააწესონ დამატებითი გადასახადები / სანქციები.
საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა კრიპტოვალუტის ან ვირტუალური ვალუტის სამართლებრივ განმარტებას. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იზიარებს ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ ვირტუალური ვალუტის განმარტებას, რომელიც მოიცავს კრიპტოაქტივებს. საჯარო გადაწყვეტილების N201 თანახმად, „...ამ საჯარო გადაწყვეტილების მიზნისათვის, კრიპტოაქტივი არის ციფრული აქტივი, რომლის შენახვა და გაცვლა ხორციელდება ელექტრონულად, ერთრანგიანი (დეცენტრალიზებული, Peer-to-peer) ქსელით, არ საჭიროებს სანდო შუამავალს, და ფუნქციონირებს კომპიუტერების ქსელში მომუშავე განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის (Distributed ledger technology) პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, რომელიც იყენებს კრიპტოგრაფიულ მეთოდებს. კრიპტოაქტივი წარმოადგენს ღირებულების ციფრულ გამოხატულებას, მისი გამოშვება და გაცვლა ხორციელდება დეცენტრალიზებული კონსენსუსის მექანიზმით, ცენტრალური სანდო ემიტენტი და ზედამხედველი/მაკონტროლებელი ორგანოს გარეშე, ხოლო მასზე საკუთრების უფლება დასტურდება კრიპტოგრაფიული მეთოდებით...“ და „...ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ კრიპტოაქტივს არ გააჩნია ფიზიკური ფორმა, არ მდებარეობს კონკრეტულ ადგილას, არ არის დეპონირებული რომელიმე ანგარიშზე ფინანსურ ინსტიტუტში და, როგორც წესი, მისი ემიტენტის დადგენა შეუძლებელია...“
ამავდროულად, საქართველოს საგადასახადო კოდექსი (22/07/2021 საგადასახადო კოდექსის ცვლილებებით) აღნიშნავს და ნაწილობრივ არეგულირებს კრიპტოაქტივებსაც, მათი დეტალური განმარტების გარეშე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საჯარო გადაწყვეტილება N201 არის ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ კრიპტოაქტივების ანალიზისთვის, მათ შორის საგადასახადო კოდექსის (სკ) ინტერპრეტაციისას.
სკ თავის მხრივ განსაზღვრავს კრიპტოვალუტას, როგორც კრიპტოაქტივის ერთ-ერთ სახეს: „...კრიპტოგრაფიული ვალუტა (კრიპტოაქტივი) ...“ , რაც ნიშნავს, რომ ის მინიმუმ მოიცავს კრიპტოგრაფიულ ვალუტას (კრიპტოვალუტას) კრიპტოაქტივების ფარგლებში.
სკ-ის მიხედვით - კრიპტოგრაფიული ვალუტა (კრიპტოაქტივი) არ განიხილება როგორც საქონელი (ისევე, როგორც სკ არ განიხილავს ნაღდ ფულს საქონლად), არც მათზე საკუთრების გადაცემა განიხილება როგორც მომსახურების გაწევა (ისევე, როგორც სკ განიხილავს ნაღდ ფულს). კრიპტოვალუტების მიმართ ეს მიდგომა მოცემულია სკ-ის დამატებითი ღიღებულების გადასახადი (დღგ)-ის ნაწილში.
დღეს 8000-ზე მეტი ტიპის კრიპტოვალუტა არსებობს (როგორიცაა Bitcoin (BTC), Ethereum (ETH), Binance Coin (BNB), Tether (USDT), Solana (SOL), Cardano (ADA) და ა.შ. ) და ისინი ექცევიან სკ-ის მიერ მოწოდებულ განმარტებაში.
ცოტა მეტი სტატუს-კვოზე
სანამ შემდეგ თემებზე გადავიდოდეთ, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლები არ არეგულირებს და საქართველოს შემოსავლების სამსახურს ჯერ არ გამოუქვეყნებია მითითებები კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ოპერაციების დაბეგვრის შესახებ. ერთადერთი სახელმძღვანელო, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია, არის ზემოხსენებული საჯარო გადაწყვეტილება N201. ამ განჩინების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს პოზიცია შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:
- ფიზიკური პირის მიერ კრიპტოაქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან;
- კრიპტოაქტივის მიწოდება (კრიპტოაქტივის გაცვლა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაზე) გათავისუფლებულია დღგ-სგან;
- კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდება:
ა) არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ამ მომსახურების მიმღები წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ პირს ან საქართველოში არ გააჩნია მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება მიღებული მომსახურება. ამასთანავე, მომსახურების გამწევ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს ამ მომსახურების გასაწევად შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით გადახდილი ან გადასახდელი დღგ-ის თანხა. ბ) ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას, თუ ამ მომსახურების მიმღები წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ პირს ან საქართველოში გააჩნია მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება მიღებული მომსახურება.
კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კრიპტომაინინგი; კრიპტოაქტივების მიღება, შენახვა, მიწოდება და გაცვლა); ICO; NFT-ები; მეტავერსი; სტეიკინგი; DeFi კვლავ რჩება უგულებელყოფილი და დაურეგულირებელი (ან, საუკეთესო შემთხვევაში, არ არის ზუსტად ან საკმარისად რეგულირებული).
რეგულაციის ნაკლებობა არც ისე გასაკვირია. ეს საერთო საკითხია სხვა ქვეყნების უმეტესობაშიც (ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჩათვლით). სხვა ქვეყბნებშიც ზემოაღნიშნული თემების უმეტესობა ჯერ არ არის დარეგულირებული. საქართველოს მიერ მისი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესის გამო, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მომავალში საქართველოს საგადასახადო ორგანოები გაიზიარებენ და განიხილავენ ევროკავშირის იუსტიციის სასამართლოს (ECJ) მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას Skatteverket v David Hedqvist C-264/14 (2015 წლის 22 ოქტომბერი). გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმით, რომ იგი ასკვნის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ფინანსთა სამინისტროების უმრავლესობა თანხმდება, რომ (i) კრიპტოვალუტის შეძენა, გასხვისება და გაცვლა გათავისუფლებულია დღგ-სგან; და (ii) მაინინგი არ ექვემდებარება დღგ-ს (რადგან მომსახურების მიმღები ამოუცნობია).
გარდა ამისა, ორი გადამწყვეტი წინადადება ელოდება ევროპარლამენტისა და საბჭოს კომიტეტის გადაწყვეტილებას რეგულაციის შესახებ - კრიპტოაქტივების ბაზრების შესახებ და დირექტივის (EU) 2019/1937 (2020/0265(COD)) ცვლილებების შესახებ და თანხების და გარკვეული კრიპტოაქტივების გადარიცხვების თანმხლები ინფორმაციის შესახებ (COM/2021/422). ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ ნაადრევია იმის პროგნოზირება, თუ როგორი იქნება საბოლოოდ ეს რეგულაციები, თუმცა, აშკარაა რომ მაშინ როდესაც ეს წინადადებები დამტკიცდება, მათ აქვს პოტენციალი სრულად შეცვალონ კრიპტოსთან დაკავშირებული იურიდიული და საგადასახადო ლანდშაფტი ევროკავშირში და საბოლოოდ საქართველოში.
ამიტომ, ანალიზის მეორე და მესამე ნაწილი ეყრდნობა საჯარო გადაწყვეტილების N201 ანალიზს და შეფასებას, საგადასახადო კოდექსის მიხედვით დღგ-ს მიდგომას კრიპტოაქტივების მიმართ და ვარაუდს, ისევე როგორც მოლოდინს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია შესაბამისობაში იქნება ევროკავშირის მიდგომებთან.
კრიპტო-აქტივების მოპოვება (მაინინგი)
კრიპტოვალუტის მაინინგი საქართველოში ისეთივე პოპულარულია, როგორც მსოფლიოში. რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის არის ელექტროენერგიის ხელმისაწვდომი ტარიფები: დაახლოებით 0,34 ლ კვტ/სთ ≈ 0,097 ევრო (დღგ-ს ჩათვლით, კომერციული გამოყენების ტარიფი ).
თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ელექტროსისტემა გაჭირვებით ახერხებს მოთხოვნების დაფარვას. ელექტროენერგიის საჭიროებების სრულად დასაფარად საქართველოს ელექტროენერგიის შესყიდვა მეზობელი ქვეყნებიდან ხშირად უწევს. პერიოდულად ელექტროენერგიის მიწოდება ფერხდება და ეს ხდება ქვეყნის დედაქალაქშიც კი. ყოველივე ზემოთქმული აჩვენებს, თუ რამდენად მყიფეა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი. თუმცა, მაინინგის ეკონომიკაზე და ელექტროენერგიაზე ზემოქმედება არ არის ამ ანალიზის საგანი, ამიტომ ამით შემოვიფარგლებით ამ ნაწილში.
საქართველოში მაინინგს ახორციელებს ბევრი ფიზიკური პირი საკუთარ უძრავ ქონებაში (აქედან გამომდინარე, ისინი ძირითადად იყენებენ პერსონალურ (არაკომერციულ) ტარიფებს ან სუბსიდირებულ ტარიფებსაც კი, თუ ისინი ცხოვრობენ მთიან რეგიონში) და მცირე / საშუალო / მსხვილი მაინინგ ფერმები.
შენიშვნა: პერსონალური (არაკომერციული) გამოყენება მნიშვნელოვნად სუბსიდირებულია მთავრობის მიერ მთიან რეგიონებში. პირადი მოხმარების სუბსიდიებმა შეიძლება დაფაროს ელექტროენერგიის ღირებულების 50%-დან 100%-მდე (სპეციალური ლიმიტებით ან მის გარეშე), რეგიონის მიხედვით.
კრიპტო მაინინგის სამართლებრივი სტატუსი
საქართველოში კრიპტო მაინინგი ლეგალურია.
საჯარო გადაწყვეტილება N201 კრიპტოვალუტის მაინინგს განსაზღვრავს, როგორც კრიპტოვალუტის პლატფორმის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ახალი სტრუქტურების (ბლოკების) შექმნის საქმიანობას, რის შედეგადაც ამ საქმიანობის განმახორციელებელი პირი (მაინერი) დაჯილდოვდება კრიპტოაქტივებით. ასევე, მასში ნათქვამია, რომ მაინინგის საქმიანობა მოითხოვს კონკრეტულ აღჭურვილობას და/ან პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე ინტერნეტთან წვდომას. ამ აქტივობის სწრაფი და ეფექტური განხორციელება, სხვა ფაქტორებთან ერთად, დამოკიდებულია შესაბამის გამოთვლით სიჩქარეზე (ძალაზე).
საქართველოში კრიპტოვალუტის მაინინგზე შეზღუდვა არ არსებობს. თუმცა, იმისათვის, რომ ეს საქმიანობა განხორციელდეს საკანონმდებლო ჩარჩოში და იყოს იურიდიულად ნაკლები საფრთხეს მქონე, რეკომენდირებულია დაცული იყოს შემდეგი წესები.
წესი N1: ნებისმიერი პირი, რომელიც აპირებს კრიპტოვალუტის მაინინგს საქართველოში, უნდა დარეგისტრირდეს როგორც ინდივიდუალური მეწარმე ან უნდა დაარსოს საწარმო.
საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ განსაზღვრავს სამეწარმეო საქმიანობას, როგორც მართლზომიერ, არაერთჯერად, დამოუკიდებელ და ორგანიზებულ საქმიანობას, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით. მაინინგის საქმიანობის მახასიათებლები, სავარაუდოდ, აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს. ამავდროულად ის არ განეკუთვნება არცერთ საქმიანობას, რომელიც არ ითვლება ბიზნეს საქმიანობად. ამრიგად, კრიპტოვალუტის მაინინგი, დიდი ალბათობით ბიზნეს საქმიანობად უნდა ჩაითვალოს.
სამეწარმეო საქმიანობას, კანონის მიხედვით, ახორციელებს ან ინდივიდუალური მეწარმე ან საწარმო. მეწარმის (ინდივიდუალური მეწარმის / საწარმოს) რეგისტრაცია სავალდებულოა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად.
წესი N2: საყოფაცხოვრებო მომხმარებელმა არ უნდა გამოიყენოს ელექტროენერგიის რეგულარული ტარიფი ბიზნესის წარმოებისთვის, რაც ამ შემთხვევაში არის კრიპტო მაინინგი, და უნდა ისარგებლოს კომერციული სარგებლობის ტარიფით.
ვინაიდან მაინინგი ელექტროენერგიის დიდ რესურსს მოითხოვს - მნიშვნელოვანია მისი გამოყენების ლეგალური ტარიფი. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, არსებობს ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებლების ორი ტიპი:
- საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საბოლოო მომხმარებელი, რომელიც ყიდულობს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს საკუთარი, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, რაც არ მოიცავს კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას;
- არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - მომხმარებელი, რომელიც ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს არასაყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ყიდულობს.
იმის გამო, რომ არ არის განსაზღვრული ელექტროენერგიის „საყოფაცხოვრებო მოხმარების“ ზუსტი პროცენტი, რომელიც შეიძლება იყოს გამოყენებული კომერციული მიზნებისთვის (მაგ. 10% / 20% / 30% საყოფაცხოვრებო მოხმარების), ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის ყველა კომერციული გამოყენება მოითხოვს რეგისტრაციას, როგორც არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი. კანონმდებლობის შესაბამისად ამ საქმიანობის განსახორციელებლად, მაინერები უნდა დარეგისტრირდნენ მაინინგის მიზნებისთვის კომერციულ მომხმარებლებად და არ უნდა გამოიყენონ რეგულარული პირადი ტარიფი მაინინგ ბიზნესის წარმოებისთვის.
ბოლო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი წესი: გადაიხადეთ გადასახადები (როდესაც ეს საჭიროა).
ქვემოთ განვიხილავთ საგადასახადო ნაწილს.
საგადასახადო შედეგები მაინინგზე
საშემოსავლო გადასახადი
მიუხედავად იმისა, რომ საჯარო გადაწყვეტილება N201 დეტალურად აღწერს რა არის კრიპტოვალუტის მაინინგი (გამოთვლითი სიჩქარის (ძალა) მნიშვნელობის განსაზღვრისთვის, რომელიც შეიძლება მიეწოდოს როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელებს), ის არ ცდილობს თავად მაინინგის დაბეგვრის წესების ინტერპრეტაციას (როდესაც პირი ახორციელებს მაინინგს თავისთვის).
საშემოსავლო გადასახადის მიზნებისათვის საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური პირების შემოსავალი შედგება როგორც საქართველოდან მიღებული, ასევე უცხოური შემოსავლებისგან საგადასახადო კოდექსის მიხედვით. თუმცა, სკ უზრუნველყოფს სრულ გათავისუფლებას უცხოური წყაროდან მიღებულ შემოსავალზე. ამავდროულად, სკ თავად განსაზღვრავს, რა არის და რა არ არის საქართველოს წყაროდან მიღებული შემოსავალი.
ამიტომ, იმის გასაგებად, არის თუ არა კრიპტომაინინგი ფიზიკური პირების დასაბეგრი საქმიანობა საქართველოში, განსასაზღვრია, ჩაითვლება თუ არა ეს შემოსავალი საქართველოს წყაროდან მიღებულად.
საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის მხარდამჭერი არგუმენტები
მაინინგის შემთხვევაში (როგორც განსაზღვრულია საჯარო გადაწყვეტილებით N201) საქმიანობა წარმოადგენს კრიპტოაქტივების სისტემის ფუნქციონირებისთვის ახალი სტრუქტურების (ბლოკების) შექმნას, რის შედეგადაც მაინერიაჯილდოვდება კრიპტოაქტივით.
როგორც განმარტებიდან შეგვიძლია დავადგინოთ - ეს საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს წარმოებად / მაინინგად (მსგავსად ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა) ან კრიპტო პლატფორმის ფუნქციონირებისთვის მომსახურების მიწოდება, რომლის ბენეფიციარები არიან ამ პლატფორმის მომხმარებლები, რადგან მაინერი ემსახურება მის გამართულ ფუნქციონირებას. ამავდროულად, მომსახურების გაწევისთვის საქართველოს რეზიდენტი მაინერი (საქართველოს საგადასახადო რეზიდენტის მიერ მომსახურების გაწევა საერთაშორისო დონეზე მუდმივი დაწესებულების სხვაგან გამოყენების გარეშე, თავად უკვე წარმოადგენს საქართველოდან მიღებულ შემოსავალს, მუხლი 104.1.გ.ზ):
- იყენებს აღჭურვილობას (მოძრავ ობიექტს), რომელიც მდებარეობს საქართველოში (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104.1.გ.გ) შესაბამისად მიჩნეულია საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავალად);
- აქვს ხარჯი (ელექტროენერგიის მოხმარება) საქართველოში, რომელიც დაკავშირებულია ამ სერვისის მიწოდებასთან (რაც საფუძვლად უდევს საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლებს, როცა მომსახურება საერთაშორისო დონეზეა 104.1.გ.თ).
შესაბამისად, ზემოაღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე, მაინინგიდან მიღებული შემოსავალი, სავარაუდოდ, ჩაითვლება როგორც საქართველოში მიღებული შემოსავალი და შესაბამისად დაიბეგრება. საქართველოში საშემოსავლო გადასახადის სტანდარტული განაკვეთი 20%-ია. თუმცა, არსებობს ამ საქმიანობის საგადასახადო სტრუქტურირების მრავალი გზა, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ჩვენი იურიდიული კომპანიის დახმარებით.
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების არგუმენტები
მეორე მხრივ, შესაძლებელია მაინინგის აქტივობის ინტერპრეტაცია, როგორც უცხოური წყაროდან მიღებული შემოსავალი (თუ მაინინგის საქმიანობა განიხილება როგორც მომსახურების მიწოდება), ისევე როგორც საჯარო გადაწყვეტილება N201 განმარტავს კრიპტოვალუტის მიწოდებისა და გაცვლის საქმიანობას ფიატურ ვალუტაში (ქვემოთ განვიხილავთ).
როგორც ზემოთ აღინიშნა, ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებს (მაგ. ავსტრია, გერმანია) აქვთ პოზიცია, რომ ამ საქმიანობაზე დღგ არ ვრცელდება, რადგან მაინინგის შემთხვევაში მომსახურების მიმღები არ არის იდენტიფიცირებული, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს საქმიანობა არ ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადს.
რაც შეეხება სკ-ის მე-16 მუხლს, იგი განსაზღვრავს მომსახურების გაწევას შემდეგი წესით:
„...მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება...“
ასე რომ, მთავარი არგუმენტები იქნება შემდეგი:
- მომსახურება არ მიეწოდება იდენტიფიცირებად პირს;
- ანაზღაურება პირდაპირ არ მოდის იმ პირისგან, რომელმაც მიიღო „მომსახურება“;
- თავად საჯარო გადაწყვეტილება N201 განსაზღვრავს კრიპტოაქტივებს, როგორც რაღაც ვირტუალურს (ადგილი, რომელიც არ მდებარეობს საქართველოში) და ამ სივრცეში მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული შემოსავლის მიღება შეიძლება ჩაითვალოს შემოსავალად უცხოური წყაროდან (ამგვარად, საშემოსავლოსგან გათავისუფლებულად).
რომ შევაჯამოთ, საქართველოში მაინინგიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრის საკითხი გაურკვეველია. უფრო ძლიერი არგუმენტები კი მისი დაბეგვრის მხარეს გააჩნია. ფიზიკური პირებისთვის 20%-იანი განაკვეთი მოქმედებს (თუმცა შესაძლოა ელექტროენერგიის და სხვა მასთან დაკავშირებული ხარჯების შესაბამისად გამოქვივაც).
გარდა ამისა, ქვემოთ გავიგებთ, რომ საგადასახადო ორგანოები უფრო მეტად უყურებენ მაინინგს როგორც საქონლის შექმნას და არა მომსახურებას (თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში რეგისტრირებულ კომპანიებთან მიმართებაში). ამავდროულად, მათი ამჟამინდელი შეხედულებით გამოდის, რომ ეს საქონელი იქმნება იმ ტერიტორიაზე, სადაც თავად მაინერი მდებარეობს. ამიტომ, თუ ისინი ერთ ჭრილში შეხედავენ ფიზიკური პირების და თიზ-ში რეგისტრიტრებული კომპანიების საქმიანობას (განსხვავება მხოლოდ მასშტაბებშია), მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგადასახადო ორგანო განიხილავს ფიზიკური პირების მიერ მაინინგს, როგორც დასაბეგრ საქმიანობას, ვინაიდან მათი მიდგომიდან გამომდინარე, იგი ხორციელდება საქართველოში.
საწარმოს მოგების გადასახადი და დივიდენდის გადასახადი
მოგების გადასახადი და დივიდენდის გადასახადი არის ორივე გადასახადი, რომელსაც იხდიან საწარმოები. კორპორატიული გადასახადის განაკვეთი არის 15%, დივიდენდის გადასახადი 5%. საწარმოები ექვემდებარებიან ორივე გადასახადს მათი მსოფლიოს მასშტაბით მიღებული მოგების განაწილებისას. ასე რომ, ქართველი კორპორატიული მაინერების (საწარმოები) აქციონერებზე გასანაწილებელი მოგება იბეგრება. ამრიგად, იურიდიული პირებისთვის მაინიგის საქმიანობა აუცილებლად იბეგრება 15%-იანი მოგების გადასახადით და 5%-იანი დივიდენდის გადასახადით.
თუმცა, ისევე, როგორც ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული მაინინგის შემთხვევაში, კორპორაციებს შესაძლოა ჰქონდეთ საგადასახადო განაკვეთის ოპტიმიზაციის გზები.
დღგ
დღგ-ს მიზნებისთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსი კრიპტოაქტივებს ისე ექცევა, როგორც ფულს. ისევე, როგორც ფული, კრიპტოაქტივები არ არის მიჩნეული საქონლად და მათი გადარიცხვა არ წარმოადგენს მომსახურების გაწევას.
ასევე, ECJ-ის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გათვალისწინებით (Skatteverket v David Hedqvist C-264/14 (22 ოქტომბერი 2015)), რომელიც ათავისუფლებს კრიპტო მაინინგს დღგ-სგან, ჩვენ ვივარაუდებთ, რომ საქართველო მიიღებს იგივე მიდგომას და ჩათვლის კრიპტო საქმიანობას, როგორც დღგ-ით დაუბეგრავ საქმიანობას.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და მაინინგი საქართველოში
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიები გათავისუფლებულები არიან დღგ-ს, მოგების და დივიდენდის გადასახადისგან.
საქართველოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (თიზ) ძალიან ბევრი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელიც ახორციელებენ კრიპტო მაინინგს.
ამრიგად, თიზ-ის ეს კომპანიები (უმრავლესობა, თუ არა ყველა):
- არ იხდიან მოგების გადასახადს;
- არ იხდიან დივიდენდის გადასახადს;
- და რაც მთავარია, ისინი არ იხდიან 18%-იან დღგ-ს, თიზ-ის ტერიტორიაზე საქონლის წარმოებისთვის მიწოდებულ ელექტროენერგიაზე, რომელსაც ისინი გადაიხდიდნენ, რომ არ ყოფილიყვნენ რეგისტრირებული თიზ-ში. ამ ელექტროენერგიის 18%-იანი დღგ გადამწყვეტია, რადგან ელექტროენერგიის მოხმარება შედგება ასობით მილიონი კვტ/სთ წელიწადში.
ასეთ კომპანიებზე მოქმედი საგადასახადო რეჟიმი შესაძლოა არც ისე მყისიერი იყოს. 2020-2021 წლებში შემოსავლების სამსახურმა აქტიური აუდიტი ჩაატარა და შემოწმება დაიწყო თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიების. შემოწმებისას მათ ნათლად აჩვენეს თავიანთი პოზიცია რომ საქმიანობა, რომელიც არ განეკუთვნება თიზ-ის „ნებადართულ“ საქმიანობას, დაიბეგრება რეგულარული მოგების გადასახადი 15%-იანი განაკვეთით და დივიდენდის გადასახადით 5%-იანი განაკვეთით.
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თიზ-ში ნებადართული საქმიანობაა ნებისმიერი საქონლის წარმოება, გადამუშავება ან მომსახურების გაწევა. ასევე, სკ-ში ნათქვამია, რომ თიზ-ის კომპანიებს არ აქვთ უფლება გაუწიონ მომსახურება ქართულ კომპანიებს (თიზ-ის კომპანიების გარდა) და რომ საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს მომსახურების სახეები, რომელთა გაწევა ნებადართულია თიზ-ის მიერ არარეზიდენტი პირებისთვის (თუმცა, მთავრობას არასოდეს გამოუქვეყნებია ასეთი მომსახურებების სია. ეს ინტერპრეტირებულია შემოსავლების სამსახურის მიერ ასე, რომ ჯერ საერთოდ არც ერთი მომსახურების გაწევა არ არის დაშვებული არარეზიდენტებისთვის).
ამრიგად, ყველა სხვა საქმიანობა ექვემდებარება რეგულარულ დაბეგვრას. ამ მიდგომის დაფიქსირების შედეაგად ბევრ საერთაშორისო სავაჭრო კომპანიას და საერთაშორისო სერვისის მიმწოდებელს ან უნდა დაეტოვებინათ ან შეეცვალათ საგადასახადო მიდგომა, რადგან მათ უთხრეს, რომ მათი საქმიანობა არ ექვემდებარება თიზ-ის არცერთ ნებადართულ საქმიანობას.
რაც შეეხება თიზ-ის კომპანიების კრიპტომაინინგის დაბეგვრას - მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ როგორ უნდა განისაზღვროს კრიპტომაინინგი: როგორც წარმოება, დამუშავება, მომსახურების მიწოდება თუ სხვა.
შემოსავლების სამსახურის წინა მიდგომიდან გამომდინარე, თუ კრიპტო მაინინგი განისაზღვრება, როგორც საქონლის წარმოება/დამუშავება - ასეთი საწარმოების საქმიანობა უნდა მოექცეს ყველა საგადასახადო შეღავათის ქვეშ. თუ კრიპტო მაინინგი ვარდება მომსახურების მიწოდების საქმიანობაში, მაშინ თიზ კომპანიისთვის მიწოდებული ელექტროენერგია ექვემდებარება რეგულარულ 18%-იან დღგ-ს, რადგან სკ ათავისუფლებს თიზ კომპანიას 18%-იან დღგ-სგან მხოლოდ საწარმოო მიზნებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შემთხვევაში. რაც შეეხება მოგების და დივიდენდის გადასახადებს, ასეთი საწარმო გადათავისუფლდება მოგების და დივიდენდის გადასახადისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩაითვლება, რომ მომსახურება გაწეული იქნება თიზ-ის ფარგლებში.
წარმოება / გადამუშავება / მომსახურების მიწოდება თუ სხვა რამ?
ძნელი სათქმელია.
საგადასახადო კოდექსი ზოგადად მოიაზრებს საქონელში მატერიალურ და არამატერიალურ ქონებას (მაგრამ დღგ-ს თავში პირდაპირ ნათქვამია, რომ კრიპტოაქტივები არ არის საქონელი და არც ის წერია, რომ ეს მიდგომა ვრცელდება მხოლოდ დღგ-ს მიზნებისთვის).
გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი კომპანია აწარმოებს თავის საქმიანობას თიზ-ის ფარგლებში და არ იხდის კორპორატიულ, დივიდენდსა და დღგ-ს გადასახადებს (და ხაზინას აქვს ბევრი მიუღებელი შემოსავალი) - ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ამ ეტაპზე შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მაინინგის საქმიანობა არის საქონლის წარმოება ან გადამუშავება თიზ-ის ტერიტორიაზე.
კრიპტოაქტივების მიღება, შენახვა, მიწოდება და გაცვლა
კრიპტოაქტივების მიღების, შენახვის, მიწოდების და გაცვლის სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში
საქართველოში კრიპტოაქტივების მიღება, შენახვა, მიწოდება და გაცვლა მართლზომიერია.
(ჯერჯერობით) არ არსებობს კანონი, რომელიც აკრძალავს რომელიმე აღნიშნულ საქმიანობას, თუმცა კრიპტოაქტივები არ არის კანონიერი გადახდის საშუალება საქართველოში, რადგან ისინი არ განიხილება ვალუტად. დიდი ალბათობით, ასეთი გადახდა განიხილება როგორც ნატურით გადახდის საშუალება და არა ფულადი.
საგადასახადო გავლენა საქართველოში კრიპტოაქტივების მიღებაზე, შენახვაზე, მიწოდებასა და გაცვლაზე
არც ფიზიკური პირების მიერ კრიპტოვალუტის შენახვა და არც მიწოდება არ უნდა დაიბეგროს საქართველოში. მიუხედავად ამისა, არსებობს მიწოდებით მიღებული ნამეტის საშემოსავლო გადასახადი. თუმცა, ის არ უნდა ვრცელდებოდეს კრიპტოსთან დაკავშირებულ ნამეტზე, რადგან შენახვაც და ნამეტის მიღებაც ხდება უცხოური წყაროდან (ვირტუალურად).
საჯარო გადაწყვეტილების N201 შესაბამისად, კრიპტოვალუტის მიწოდების საქმიანობით მიღებული შემოსავალი (მისი ფიატურ ვალუტაზე გადაცვლისას) მიიჩნევა როგორც მიღებული უცხოური წყაროდან. მსჯელობა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს საგადასახადო რეზიდენტები თავისუფლდებიან უცხოური შემოსავლისგან და კრიპტოვალუტის მიწოდება არის უცხოური წყაროდან მიღებული შემოსავალი, რადგან:
- ის პირდაპირ არ არის ნახსენები საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების სიაში;
- კრიპტოვალუტას არ აქვს ფიზიკური ადგილი;
- ის არ არის განთავსებული არცერთ ფინანსურ დაწესებულებაში;
- კრიპტოვალუტის მიწოდების ადგილის დადგენა თითქმის შეუძლებელია, რადგან კრიპტოვალუტის მიწოდება და გაცვლა ხდება ვირტუალურად.
რაც შეეხება კრიპტოვალუტის მიღებას - ის შესაძლოა დაექვემდებაროს საშემოსავლო გადასახადს. მიღებული კრიპტოვალუტის დაბეგვრის საკითხი განიხილება ყოველ ცალკეულ შეთხვევაში მიღების საფუძვლის მიხედვით.
Staking
რაც შეეხება სხვა აქტივობებს, სკ არ აკონკრეტებს საგადასახადო წესებს staking-ზე. ასეთი აქტივობით მიღებული შემოსავალი არის შემოსავალი კრიპტოაქტივების ქსელში „სესხიდან“ და კრიპტოაქტივების მფლობელს შეუძლია მოითხოვოს თავისი კრიპტოაქტივები დამატებით „პროცენტთან ერთად“.
როგორც ადრე - არსებობს არგუმენტები სტეიკინგის დაბეგვრისა და მისგან გათავისუფლების შესახებ. პირი იღებს კრიპტო პროცენტს ქსელიდან (ვირტუალური რეალობიდან) ქსელში კრიპტოვალუტის მიწოდების გამო (ვირტუალურ რეალობაში). ამის საფუძველზე, ასეთი შემოსავალი შეიძლება ჩაითვალოს უცხოური წყაროდან მიღებულ შემოსავალად, რაც თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. ამავდროულად, თუ ადამიანი სტეიკინგისთვის იყენებს აპარატურას - უფრო მაღალია შანსები, რომ ეს შემოსავალი ჩაითვალოს საქართველოს წყაროდან მიღებულად.
კრიპტოვალუტის ბირჟის აქტივობები და ICO საქართველოში
სამართლებრივი ზეგავლენა კრიპტოვალუტის ბირჟებზე და ICO-ზე საქართველოში
საქართველოში არც კრიპტოვალუტის ბირჟების საქმიანობა რეგულირდება და არც ICO.
კრიპტო-ინვესტიცია ინვესტორებისთვის მაღალი რისკის შემცველია და ბევრი მსგავსება აქვს ფასიანი ქაღალდების ბაზართან, რომელიც მკაცრად რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ. თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ეტაპზე უარს ამბობს კომპეტენციაზე და ეს შესაძლოა შეიცვალოს უახლოეს მომავალში.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში რეგულაციები კრიპტობაზრის ბირჟებზე არ მოქმედებს - ბანკები ასეთ ბიზნესს განიხილავენ, როგორც მაღალი რისკის მქონე საქმიანობას და მათ როგორც წესი უარს ეუბნებიან ქართული ფინანსური ინსტიტუტების მომსახურებაზე. პარალელურად საქართველოში რამდენიმე კრიპტო ბირჟა შეიქმნა. ისინი წარმატებით ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, მაგ.: Emoney.ge, ge.Cryptal.com, Coinmania.ge და MyCoins.ge. ისინი გარკვეულწილად არიან აფილირებული კომპანიები ან დაარსებული ფინანსური ინსტიტუტების მიერ, რომლებსაც შეუძლიათ მათ ემსახურონ.
ICO ასევე არ არის რეგულირებული (როგორც მინიმუმ მანამ სანამ ICO-ებისთვის გადახდა ხორციელდება კრიპტოვალუტაში). ამავდროულად, რადგან ICO ფარგებში კომპანიები არ გასცემენ ფიზიკურ აქციებს ინვესტორებზე და უბრალოდ უგზავნიან მათ ციფრულ ვალუტას - ეს პირდაპირ არ ექვემდებარება კონკრეტულ რეგულაციას.
კრიპტოვალუტის ბირჟების დაბეგვრა საქართველოში
კრიპტოვალუტის ბირჟები ექვემდებარება რეგულარულ დაბეგვრას: 15% მოგების გადასახადი და 5% დივიდენდის გადასახადი საწარმოს მოგების განაწილებისას (ან განაწილებასთან გათანაბრებული ქმედებისას).
რაც შეეხება ICO-ს - როგორც კი კომპანია ანაწილებს რაიმე ღირებულს თავის აქციონერებზე - იგივე გადასახადები უნდა იყოს გამოყენებული: 15% მოგების გადასახადი, 5% დივიდენდის გადასახადი.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და კრიპტოვალუტის ბირჟები
კრიპტოვალუტის ბირჟები ცალსახად წევენ მომსახურებას. როგორც ზემოთ ვახსენეთ, თიზ-ის კომპანიებს არ აქვთ უფლება გაწიონ მომსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, ამიტომ თიზ-ში რეგისტრაცია არ ანიჭებს მათ საგადასახადო შეღავათებს. შესაბამისად, საქართველოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კრიპტოვალუტის ბირჟის რეგისტრაციას არანაირი შეღავათი არ გააჩნია.
არა-გადაცვლადი ტოკენები (NFT)
NFT-ები ასევე დიდი ალბათობით მოექცევა კრიპტო-აქტივების განმარტებაში. NFT თავდაპირველად არის ვირტუალური საქონელი (საქართველოში არ არის განთავსებული). მათი მიწოდება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად. შესაბამისად, მოგება, რომელიც შეიძლება მიიღოს პირმა, მიღებულად ჩაითვლება არა ქართული წყაროდან, არამედ ვირტუალურად. მაშასადამე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რადგანაც NFT-ებთან დაკავშირებული ყველა აქტივობა ხორციელდება ვირტუალურად - არ არსებობს ეტაპი, რომელზედაც შეიძლება ითქვას, რომ შემოსავალი მიღებულია ქართული წყაროდან, თუნდაც ვიცოდეთ, რომ მყიდველი საქართველოდან არის, NFT-ის მიწოდება არ შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულად ჩაითვალოს.
ამავდროულად, ისევე როგორც ზემოთ განხილული ნებისმიერი სხვა კრიპტოაქტივი - ის შეიძლება დაექვემდებაროს გადასახადს, თუ NFT წარმოადგენს პირის ანაზღაურებას საქართველოში განხორციელებული საქმიანობიდან (მაგ. დასაქმება საქართველოში, საქონლის მიწოდება საქართველოში, გაწეული მომსახურება საქართველოდან და სხვ.).
რაც შეეხება NFT-ების ემიტენტების/ტრეიდერების სამართლებრივ დაცვას, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამჟამად (და შესაძლოა არც მომავალში) არ არსებობს მკაფიო მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს NFT-თან დაკავშირებული ხელშეკრულებების უფლებებსა და ვალდებულებებს. ამავდროულად, ძალზე მნიშვნელოვანია მხარეებისთვის სმარტ-კონტრაქტების აუდიტი, რომლებიც წარმოადგენს NFT-ების ნაწილს. ასე რომ, მაშინაც კი, თუ შეიძლება გვქონდეს რიგითი სამოქალაქო ხელშეკრულება NFT-ის ყიდვა-გაყიდვის შესახებ - მთავარი კონტრაქტი, რომელიც ეფექტურად დაიცავს მხარეთა უფლებებს, იქნება სმარტ-კონტრაქტი, რომელიც „ჩაქსოვილია“ NFT-ში.
შეჯამება
როგორც ჩვენი ანალიზიდან ხედავთ - კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული მრავალი გაურკვევლობაა როგორც იურიდიულ, ისე საგადასახადო მხრივ. თუმცა, ეს აღარ არის აბსოლუტური სიჩუმე, როგორც ეს ადრე იყო.
რომ შევაჯამოთ, საქართველოში კრიპტოსთან დაკავშირებული ყველა აქტივობა ლეგალურია (თუ შესაბამისი პირობები დაკმაყოფილებულია). კრიპტოსთან დაკავშირებული ოპერაციების ძირითადი ნაწილი (თუ არა, თითქმის ყველა) გათავისუფლებულია გადასახადებისგან, რამდენიმე მნიშვნელოვანი არსებული გაურკვევლობის გარდა, როგორიცაა მაინინგი ფიზიკური პირების და მაინინგ ფერმები თიზში, სტეიკინგი.
აღსანიშნავია, რომ დღეს ბევრი კრიპტო-ინვესტორი ეძებს ქვეყანას საცხოვრებლად. დიდი ყურადღება ექცევა იმ სარგებელს, რომელსაც მათ შეიძლება მიიღონ ქვეყნისგან. ასეთი ინვესტორებისთვის კომფორტული ადგილის შექმნა მოითხოვს მკაფიო და სტაბილურ საკანონმდებლო და საგადასახადო ჩარჩოს. ამჟამად ბევრი ინვესტორია, რომელიც უყურებს ქართული კრიპტო წესების განვითარებას. ჩვენ, ჩვენი მხრიდან აუცილებლად გავუწევთ მათ რჩევას უახლესი განახლებული წესების შესახებ.
თვალი ადევნეთ: https://lta.ge



