განქორწინება, მისი რეგისტრაცია და სამართლებრივი შედეგები
ქორწინება საქართველოში
საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს ქორწინებას, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. იმისათვის, რომ ქორწინება, როგორც ორმხრივი ნების გამოვლენა, ნამდვილი იყოს, აუცილებელია მისი რეგისტრაცია სახელმწიფო ორგანოში, რაც კანონით იმპერატიულად დგინდება. ქორწინების რეგისტრაციისთვის აუცილებელი პირობები შემდეგია:
- · პირთა საქორწინო ასაკი;
- · დასაქორწინებელ პირთა თანხმობა;
- · ქორწინების დამაბრკოლებელი პირობების არარსებობა.
თუ ქორწინების რეგისტრაციის მსურველ პირთაგან ერთ-ერთი მაინც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, აუცილებელი პირობაა მისი საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნა. გასათვალისწინებელია, რომ ქორწინების რეგისტრაცია არ დაიშვება წარმომადგენლის მეშვეობით, თუმცა განცხადების წარდგენა რეგისტრაციის თაობაზე შეუძლიათ როგორც დაქორწინების მსურველ წყვილს, ისე მათ მინდობილ პირს/პირებს. ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც ქორწინების სახლებში, ისე იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში, აგრეთვე მარეგისტრირებელი ორგანოს გარეთ, ნებისმიერ ადგილას. ქორწინების რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს არანაკლებ ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი მოწმის თანდასწრებით, რაც არ წარმოადგენს პრობლემას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ფირმა კლიენტებს სთავაზობს მოწმეთა სერვისს.
ქორწინების რეგისტრაცია იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე უფასოა, თუმცა მომსახურების საფასური რეგისტრაციის დროისა და ადგილმდებარეობის მიხედვით იცვლება.
ქორწინების მოწმობის აპოსტილით დამოწმება შესაძლებელია ნებისმიერი პირის განცხადების საფუძველზე, რომელიც მიმართავს აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილ შესაბამის ორგანოს.
მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი საქართველოში ვერ დაქორწინდება, თუ უკვე ჰყავს ცოლი/ქმარი. განქორწინებულმა პირმა ასევე უნდა წარმოადგინოს წინა განქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტები.
ქორწინების შეწყვეტის გზები
საქართველოს კანონმდებლობა ზემოხსენებულ მოთხოვნათა დაცვით რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის სამ გზას გამოყოფს:
- Ø ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება;
- Ø ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადება კანონით დადგენილი წესით;
- Ø განქორწინება.
განქორწინება საქართველოში
ყურადღებას გავამახვილებთ ქორწინების შეწყვეტაზე განქორწინების გზით, მისი დასაშვებობის წინაპირობებზე, რეგისტრაციის ვალდებულებასა და სამართლებრივ შედეგებზე.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მეუღლეთა განქორწინება შესაძლებელია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ან სასამართლოში. სასამართლო წესით განქორწინება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა.
ვის მიმართოს მხარემ განქორწინების რეგისტრაციისთვის
განქორწინების რეგისტრაციისთვის მხარეებს შეუძლიათ მიმართონ:
· იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს;
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;
- საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო წარმომადგენლობას.
ვის შეუძლია მიმართოს განქორწინებისვის
რაც შეეხება სუბიექტებს, რომელთაც განქორწინების შესახებ განცხადების უფლებამოსილება გააჩნიათ:
· განქორწინების მსურველი მეუღლეები (ერთობლივი განცხადებით);
- იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მეუღლე არ იმყოფება საქართველოში, მას მაინც შეუძლია განქორწინდეს შესაბამისი წარმომადგენლობის მქონე პირის მეშვეობით, რა დროსაც საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
- Ø სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა;
- Ø მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- · ერთ-ერთი მეუღლე იმ შემთხვევაში, თუ:
- Ø არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება განქორწინების შესახებ;
- Ø მეორე მეუღლე სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო - უკვლოდ დაკარგულად;
- Ø მეორე მეუღლე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით ვადით არანაკლებ 3 წლისა.
აღსანიშნავია, რომ ცოლის ორსულობისა და ბავშვის დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში ქმარს უფლება არა აქვს, ცოლის თანხმობის გარეშე აღძრას საქმე განქორწინებაზე.
დოკუმენტთა ნუსხა განქორწინებისას
მეუღლეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე განქორწინების რეგისტრაციისთვის უფლებამოსილ ორგანოში წარსადგენი დოკუმენტებია:
- განსაქორწინებელ პირთა ერთობლივი წერილობითი განცხადება;
- განსაქორწინებელ პირთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- ქორწინების მოწმობა.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განცხადების წარმდგენი ერთ-ერთი მეუღლეა, განცხადებას თან ასევე უნდა დაერთოს:
- განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;
- მეორე მეუღლის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;
- მეორე მეუღლის ქმედუუნაროდ ცნობის შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (თუ აღნიშნული პირი 2015 წლის 1 აპრილამდე ცნობილია ქმედუუნარო პირად);
- მეორე მეუღლისათვის არანაკლებ 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.
განქორწინების სამართლებივი შედეგები
განქორწინება, როგორც ქორწინების შეწყვეტის ერთ-ერთი გზა, სამართლებრივად მნიშვნელოვან შედეგებს წარმოშობს. საინტერესოა ქორწინების მანძილზე შეძენილი ქონების გაყოფის საკითხი. ზოგადად, საქართველოს კანონმდებლობით მეუღლეთა ქონებრივი უფლებების დადგენისას უპირატესობა ენიჭება კოდექსთან შედარებით უფრო სპეციალურ მოწესრიგებას - საქორწინო ხელშეკრულებას. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მეუღლეთა შორის ხელშეკრულება არ დადებულა, დავა საკანონმდებლო მოწესრიგებით წყდება.
მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), რომელზეც მეუღლეებს გააჩნიათ თანაბარი უფლებები. განქორწინების შემთხვევაში თითოეულ მეუღლეს საერთო ქონებიდან ½ ნაწილი ეკუთვნის, თუმცა აღნიშნული არ ვრცელდება მათ ინდივიდუალური საკუთრებაზე. ქონება, რომელიც თანაბრად გაყოფას არ ექვემდებარება და განქორწინების შემდეგ ერთი მეუღლის საკუთრებაში რჩება, არის შემდეგი:
- Ø ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე;
- Ø ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით;
- Ø ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები (ძვირფასეულობის გარდა);
- Ø პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთები (მუსიკალური ინსტრუმენტები, საექიმო მოწყობილობა, ბიბლიოთეკა...).
მიუხედავად ამგვარი დანაწესისა, ერთ-ერთი მეუღლის ინდივიდუალური საკუთრება თანასაკუთრებად შესაძლოა გადაიქცეს მაშინ, როდესაც დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა.
გარდა ქონებისა, მეუღლეთა განქორწინებისას იყოფა მათი ვალები საერთო ქონებაში თითოეულის კუთვნილი წილის შესაბამისად. თუმცა აღნიშნული წესი ეხება მხოლოდ საერთო ვალებს ან ერთ-ერთი მეუღლის მიერ აღებულ ვალს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ თანხა გამოყენებულ იქნა ოჯახის ინტერესებისათვის. ერთ-ერთი მეუღლის მიერ აღებული ვალის დაფარვა კი ხდება მხოლოდ მისი საკუთრებიდან ან თანასაკუთრებაში მისი წილიდან.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს მეუღლეთა თანასაკუთრების ქონების გაყოფის განხორციელებადობის ვადის შესახებ, რომელიც შეადგენს სამ წელს. მოთხოვნის განხორციელება დასაშვებია განქორწინებიდან სამი წლის განმავლობაში, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი მოთხოვნა ხანდაზმულია და მისი იძულებით აღსრულება შეუძლებელია.
გარდა ქონებრივი დავისა მეუღლეებს შორის განქორწინებისას შესაძლოა, წარმოიშვას დავა არასრულწლოვანი შვილების მიკუთვნებისა და ალიმენტის საკითხებზე. ბავშვების საცხოვრებელთან დაკავშირებით შეუთანხმებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას სასამართლო ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იღებს. ალიმენტი ანუ სარჩო, რომელიც მშობლის მიერ არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი, თუმცა შრომისუუნარო შვილების სასარგებლოდ გადაიხდება, მშობლების ურთიერთშეთანხმებით განისაზღვრება. შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო შვილის საჭიროებებისა და მშობლის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
პირებს, რომელთაც სურთ საქართველოში ქორწინებისა თუ განქორწინების რეგისტრაცია, ჩვენი იურიდიული კომპანია სთავაზობს სრულ სამართლებრივ ოჯახური დავების გადაჭრის სერვისს. დოკუმენტების მოძიება, მათი მომზადება და წარდგენა, ქორწინების რეგისტრაციის დროს მოწმეთა დასწრება, რაც გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება, შეგიძლიათ, ჩვენი მაღალკვალიფიციური იურიდიული მომსახურების საშუალებით უმოკლეს დროში მოაგვაროთ.



