2026-ში შრომითი საქმიანობის უფლება სავალდებულო ხდება: შრომითი მიგრანტები და უცხოელი ინდმეწარმეები
2025 წლის 26 ივნისს იქნა მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის შრომითი მიგრანტების და უცხოელის მიერ საქართველოში დაფუძნებული ინდივიდუალური მეწარმეების სტატუსს და უყენებს მათ ახალ მოთხოვნებს 2026 წლის 1 მარტიდან, და ნაწილობრივ 2025 1 სექტემბრიდან.
ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ ყველა საკვანძო ცვლილებას, რომელიც ჩვენი აზრით აქტუალურია და ეხება LTA-ს კლიენტებს საქართველოში.
- · შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის გავრცელება ინდივიდუალურ მეწარმეებზე
- · ფართოვდება შრომითი იმიგრანტის განმარტება
- · შრომითი საქმიანობის უფლება ანაცვლებს იმიგრანტის რეგისტრაციის ვალდებულებას
- · ბინადრობის მოპოვება ხდება სავალდებულო წინაპირობა საქართველოში საქმიანობის განსახორციელებლად
- · შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების პროცედურის განხილვა
- · შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგი პროცედურები
- · სანქციები კანონის დაუცველობის შემთხვევაში
- · საქართველოს ბინადრობის ნებართვების ცვლილებები
შრომითი მიგრაციის შესახებ კანონის გავრცელება ინდივიდუალურ მეწარმეებზე
შრომითი მიგრაციის შესახებ კანონს ემატება თვითდასაქმებული უცხოელის განმარტება.
თვითდასაქმებული უცხოელი − საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას, მათ შორის, არის ვაჭრობის, მომსახურების ან სხვა ტიპის საქმიანობის განმახორციელებელი ან პარტნიორი, დამოუკიდებელი კონტრაქტორი ან სხვაგვარად არის ჩართული სამეწარმეო/შრომითი საქმიანობის პროცესში და ამ საქმიანობის მიზანი ფინანსური სარგებლის მიღებაა.
ფართოვდება შრომითი იმიგრანტის განმარტება
იცვლება შრომითი იმიგრანტის განმარტებაც და გარდა იმ პირებისა, ვისაც სურს საქართველოში ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება, დამატებით მოიცავს პირებს, რომლებიც ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობას დისტანციურად ახორციელებენ, და ასევე უცხოელები, რომელიც არიან თვითდასაქმებული.
შრომითი საქმიანობის უფლება ანაცვლებს იმიგრანტის რეგისტრაციის ვალდებულებას
შრომითი იმიგრატნის რეგისტრაცია ნაცვლდება შრომითი საქმიანობის უფლებით, რომელიც უცხოელს ანიჭებს სპეციალურ უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა დამოუკიდებლად ან იყოს შრომით ურთიერთობაში ადგილობრივ დამსაქმებელთან საქართველოში ან დისტანციური ფორმით.
ბინადრობის მოპოვება ხდება სავალდებულო წინაპირობა საქართველოში საქმიანობის განსახორციელებლად
მხოლოდ იმ უცხოელს, რომელზედაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულია შრომითი ბინადრობის ნებართვა, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ შრომითი საქმიანობის უფლებასთან ერთად, აქვს საქართველოში შრომითი მოწყობისა და ისეთი შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, რომლიდანაც იღებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ეკონომიკურ სარგებელს.
შრომითი და თვითდასაქმებულის საქმიანობა შესაძლებელი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
ა) შრომით იმიგრანტსა (გარდა თვითდასაქმებული უცხოელისა) და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის დადებულია შრომითი ხელშეკრულება;
ბ) შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფლობს შრომითი საქმიანობის უფლებას;
გ) შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფლობს შრომითი ბინადრობის ნებართვას, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზას ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვას.
შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების პროცედურა
დასაქმებული შრომის უფლებას იპოვებს დამსაქმებლის მეშვეობით, ხოლო თვითდასაქმებული − უშუალოდ. ორივე შემთხვევაში წარმდგენმა უნდა წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაცია.
შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტულ ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობის უფლებით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − კონკრეტული სპეციალობისა და შრომითი/სამეწარმეო სფეროს მითითებით.
განხილვის პროცესში ადგილობრივ დამსაქმებელს/თვითდასაქმებულ უცხოელს შეიძლება მოსთხოვონ დამატებითი ინფორმაციის წარდგენა.
განცხადების განხილვის საერთო ვადა 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს. მომსახურების საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგი პროცედურები
შრომითი იმიგრანტი, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ, ვალდებულია, თუ:
ა) ჯერ არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად;
ბ) უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
შრომით იმიგრანტს არ აქვს ამ მოთხოვნების შესრულების ვალდებულება, თუ მას აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა ან იგი შრომით საქმიანობას სრულად დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს.
თუმცა, ამ ეტაპზე გაურკვეველია, ვალდებული იქნება თუ არა ასეთი ინდივიდუალური მეწარმე რაიმე სახის ბინადრობის ნებართვა მიიღოს, მაშინაც კი, თუ მას არ სჭირდება საქართველოში ცხოვრება, რადგან კანონი ასევე ამბობს, რომ თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება დასაშვებია ყველა შემდეგი პირობის არსებობის შემთხვევაში და 3 წინაპირობიდან ერთ-ერთს წარმოადგენს შემდეგს: შრომითი იმიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ფლობს შრომითი ბინადრობის ნებართვას, D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზას ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვას
სანქციები კანონის დაუცველობის შემთხვევაში
თვითდასაქმებული უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება ან ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე შრომითი საქმიანობის განხორციელება ან შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე ნებისმიერი საქმიანობის განხორციელება, რომლისთვისაც შრომითი იმიგრანტი იღებს ანაზღაურებას, გამოიწვევს თვითდასაქმებულის / ადგილობრივი დამსაქმებლის / მომსახურების ორგანიზატორის [ორგანიზატორი - პირი, რომელიც შედის ნებისმიერ გარიგებაში თვითდასაქმებულ უცხოელთან, რომლის შედეგადაც ეს უკანასკნელი იღებს ფინანსურ სარგებელს] (თითოეულ შრომით იმიგრანტზე ინდივიდუალურად) დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა – გამოიწვევს ჯარიმას ორმაგი ოდენობით, ასევე კანონი ითველისწინებს სამმაგ ჯარიმასაც კონკრეტულ შემთხვევაში და სხვა სანქციებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში (Labourmigration.moh.gov.ge) რეგისტრირებულმა იმ შრომითმა იმიგრანტმა, რომელსაც 2026 წლის 1 მარტის მომენტისთვის რეგისტრაციის სტატუსი აქვს აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.
საქართველოს ბინადრობის ნებართვების ცვლილებები
- 1. შრომითი ბინადრობისა მიღების წინაპირობა ხდება შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება.
- 2. ემატება სპეციალურ ბინადრობის ნებართვა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი დასაქმებულებსა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის. ასეთი ბინადრობა გაიცემა 3 წლის ვადით, ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ შრომით იმიგრანტსა და მისი ოჯახის წევრებზე, უცხოელზე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, და მისი ოჯახის წევრებზე, აგრეთვე ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და მისი ოჯახის წევრებზე.
- 3. IT სფეროში მოღვაწე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონემ ან/და IT სფეროში დასაქმებულმა პირმა უნდა წარადგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლის გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტი, აგრეთვე ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების ოდენობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტზე ნაკლები არ არის.
- 4. 2025 წლის 1 სექტემბრიდან (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ამ ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღეს ან 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში. საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული პირის ფაქტობრივად ყოფნის დროდ ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც იგი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლის განმავლობაშიც იგი სპეციალურად იყო გასული საქართველოს ფარგლების გარეთ სამკურნალოდ.
- 5. უძრავი ქონების ღირებულება, რომლის საფუძველზე პირმა შეიძლება მიიღოს მოკლევადიანი ბინადრობა გაიზარდა მინიმუმ 150 ათასი აშშ დოლარამდე (100 ათასი აშშ დოლარიდან).
- 6. მკაცრდება საქართველოში ყოფნის წესების დარღვევისთვის და გაძევების პროცედურები.
პასუხისმგებლობის უარყოფა: ეს არ არის იურიდიული, საგადასახადო ან საინვესტიციო რჩევა. ჩვენი მოსაზრება არ არის სავალდებულო არც ერთი სასამართლოსთვის ან საგადასახადო ორგანოსთვის. ნებისმიერი სახის ინვესტიცია შეიცავს რისკებს.



