გვიამბეთ თქვენი საჭიროებების შესახებ

გააზიარეთ თქვენი მონაცემები პროექტის შეფასების მისაღებად ან შეეხეთ ნებისმიერ მესინჯერს

2 ოქტ. 2021 · 30 041 ნახვა

საქართველოს მოქალაქეობის მიღება

საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების პროცესი 2022 წელს

საქართველოს მოქალაქეობის მიღება, სხვადასხვა მიზეზით, მომხიბვლელია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. საქართველოს მოქალაქეობასთან არის დაკავშირებული რიგი უფლებებისა, რომლებიც უბიძგებს მათ, დასახლდნენ საქართველოში და დაუკავშირონ საკუთარი მოქალაქეობრივი უფლებები ამ ქვეყანას.

საქართველოს მოქალაქეობასთან არის დაკავშირებული, მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის შეძენის შესაძლებლობა, ისევე როგორც უვიზო მიმოსვლის უფლება ევროპის ქვეყნებთან, რომლის გამოყენებაც წელიწადში 90 დღის განმავლობაში არის შესაძლებელი.

საქართველოს მოქალაქეობა ზოგიერთი ადამიანისთვის ნიშნავს მეტ დაცულობას, საკუთარი პირადი მიზეზების, ქვეყანაში არსებული რთული სიტუაციის თუ ოჯახური გარემოებების გამო. გარდა აღნიშნულისა, ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქისათვის დამატებითი პრივილეგიაა ალტერნატიული პასპორტის არსებობა, რომელიც შეიძლება გარკვეული გადაუდებელი თუ განსაკუთრებული საჭიროებისას, სასარგებლო აღმოჩნდეს.

საგადასახადო კუთხით, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნებში არსებული, მოქალაქეობაზე მიბმული საგადასახადო სისტემის გამო, ზოგიერთ უცხოელს უჩნდება სურვილი, დატოვოს საკუთარი მოქალაქეობა და მიიღონ საქართველოში ცხოვრების უფლება და შესაბამისად, ისარგებლონ საქართველოში არსებული საგადასახადო სისტემის ბენეფიტებით.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად არ ნიშნავს ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტობას. საგადასახადო რეზიდენტობას აქვს თავისი დამოუკიდებელი წინაპირობები, რაც ძირითადად, ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნას უკავშირდება.

სტატიის მეშვეობით, თქვენ მიიღებთ ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეობის მიღების საფუძვლებზე და გზებზე. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია გაგიადვილებთ გადაწყვეტილების მიღებისა და მომავლის დაგეგმვის პროცესს.

საქართველოს მოქალაქეობის პრინციპები და მიღების გზები

საქართველოს მოქალაქეობის ძირითადი პრინციპები და ნორმები დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, საქართველოს მოქალაქეობის მუდმივობაა. მოქალაქეობის მიღების შემდეგ, მისი ჩამორთმევა დაუშვებელია, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე, განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა, მუდმივად ქვეყნის მფარველობის ქვეშ არის, თუმცა, აღნიშნული პრინციპი არ გამორიცხავს, მოქალაქეობის დაკარგვის შესაძლებლობას, კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, რაზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ.

საქართველოს მოქალაქეობის მიღება ხდება როგორც დაბადებით, ასევე ნატურალიზაციის გზით.

საქართველოს მოქალაქეობის მიღება დაბადებით:

დაბადებით საქართველოს მოქალაქეობის მიღება, შედარებით მარტივი გზაა და არ არის პირის ნების გამოვლენასთან დაკავშირებული. საკმარისია არსებობდეს კანონმდებლობით დადგენილი ობიექტური გარემოებები, რომელთა საფუძველზეც, დაბადებული პირის მოქალაქეობის მიღება ავტომატურად მოხდება.

დაბადებით საქართველოს მოქალაქეობის მიღება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირის ორივე მშობელი საქართველოს მოქალაქეა, ხდება იმ შემთხვევაში, თუ დაბადების მომენტისათვის, პირის ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა. ამ შემთხვევებში მოქმედებს ე.წ. „სისხლის პრინციპი“, ანუ საკმარისია ნათესაური კავშირი საქართველოს მოქალაქეობის მქონე ერთ-ერთ მშობელთან და ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე დაბადება, აუცილებელი წინაპირობა არ არის. შესაძლოა, საქართველოს მოქალაქის შვილი საზღვარგარეთ დაიბადოს და აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობაც მიიღოს, თუმცა ეს არ დააბრკოლებს მის უფლებას, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობაც.

საქართველოს ორგანული კანონი დაბადებით მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობას იძლევა ასევე სუროგაციის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირისათვის, იმ შემთხვევაში, თუ მას არც ერთი მშობლის ქვეყანა საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, პირის საქართველოს ტერიტორიაზე დაბადება, აუცილებელი წინაპირობაა (მოქმედებს ე.წ. „ნიადაგის პრინციპი“).

ე.წ. „ნიადაგის პრინციპი“ ვრცელდება ასევე საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ პირზე,

რომლის ორივე მშობელი მოქალაქეობის არ მქონე სტატუსის პირები არიან. იგივე პრინციპი ვრცელდება, ასევე პირზეც, რომლის მშობელთაგან ერთ-ერთი უცნობია, ხოლო მეორეს ხსენებული (მოქალაქეობის არ მქონე პირის) სტატუსი აქვს.

საქართველოს მოქალაქეობის მიღება ნატურალიზაციით:

ნატურალიზაციით საქართველოს მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე. პირის ნატურალიზაციისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წინაპირობების დაკმაყოფილება აუცილებელია. აღნიშნულ წინაპირობებზე და მოქალაქეობის მიღების მიზნით საჭირო პროცედურებზე საუბარი ქვემოთ გვექნება.  

ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღება შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:

საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება;

საქართველოს მოქალაქეობის ქორწინების გზით (გამარტივებული წესით) მინიჭება;

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება;

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება;

საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭება.

საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება

საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მისაღებად, პიროვნება უნდა აკმაყოფილებდეს საკმაოდ მკაცრ და ფართო მოთხოვნებს.

აღნიშნული გზის არჩევის შემთხვევაში, განმცხადებელი უნდა იყოს სრულწლოვანი და აუცილებელია პირის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლით ცხოვრება (უწყვეტად, ბოლო 10 წლის განმავლობაში). ასევე აუცილებელი მოთხოვნაა, საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნა, რაც უნდა დადასტურდეს, შესაბამისი ტესტირების შედეგად.

მნიშვნელოვანია ასევე კანონით განსაზღვრული, მოქალაქეობის გამომრიცხველი გარემოებები, კერძოდ, განმცხადებელს ჩადენილი არ უნდა ჰქონდეს საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ და ასევე ჩადენილი არ უნდა ჰქონდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო დანაშაული.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საფუძვლით, უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი მტკიცებულება შეიძლება იყოს ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა.

გარდა ხსენებული მოთხოვნებისა, აუცილებელი მოთხოვნაა, რომ განმცხადებელი გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდეს ქვეყნის ტერიტორიაზე. ასეთი საქმიანობა შეიძლება იყოს ნებისმიერ ქართულ ორგანიზაციაში დასაქმებულის სტატუსით მუშაობა, საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება (არ აქვს მნიშვნელობა პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში უწყვეტად იყო დასაქმებული თუ არა). გარდა აღნიშნულისა, პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელია მის მიერ უძრავი ქონების ფლობა ან საქართველოს საწარმოში წილების ან აქციების ფლობა. კონკრეტული ქონებისა თუ წილების ღირებულების შეფასება ხდება მოქალაქეობის საკითხთა კომისიის მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების თაობაზე განცხადების განხილვის მაქსიმალური ვადა არის 80 დღე.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მოპოვების დროს, განმცხადებელი ავტომატურად უარს ამბობს სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე.

წარსადგენი დოკუმენტები:

ნებისმიერი სახის მოქალაქეობის მიღებისთვის, მათ შორის ჩვეულებრივი წესით, აუცილებელია ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების წარდგენა (შემდეგში მოხსენიებული როგორც „აუცილებელი დოკუმენტები“):

  • 1. დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მინიჭების მსურველი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი), ხოლო არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი და მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;
  • 2. დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განცხადება;
  • 3. ფოტოსურათი – ზომით 3X4;
  • 4. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტი;
წარსადგენი დოკუმენტაცია, გარდა „აუცილებელი დოკუმენტებისა“:

·      ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი;

·      დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოში სამუშაო ადგილის ან/და უძრავი ქონების, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის, ან/და საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობას;

საქართველოს მოქალაქეობის ქორწინების გზით (გამარტივებული წესით) მინიჭება

ქორწინებით ნატურალიზაცია მოქალაქეობის მოპოვების საკმაოდ გავრცელებული სახეა. ამ დროს, საერთო წესისგან განსხვავებით, შედარებით იოლი პირობების დაკმაყოფილება მოითხოვება.

კანდიდატისთვის მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართვლელოს მოქალაქეზე იყოს დაქორწინებული, ასევე ერთ-ერთი მთავარი პირობაა, საქართველოს ტერიტორიაზე უწყვეტად ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ერთი ფაქტორი, რომ კანდიდატს არ მოეთხოვება, ბოლო 5 წლის განმავლობაში იყოს დაქორწინებული. მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე უწყვეტად ყოფნის ფაქტიც საკმარისია, ხოლო ქორწინების ხანგრძლივობაზე, რაიმე მოთხოვნა, საქართველოს კანონმდებლობით, განსაზღვრული არ არის.

ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნაა კანდიდატის მიერ საქართველოს სახელმწიფო ენისა და დადგენილ ფარგლებში, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნა.

წერილობითი განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია პირადად ან მინდობილობის მქონე პირის მეშვეობით.

წარსადგენი დოკუმენტაცია, გარდა „აუცილებელი დოკუმენტებისა“

  • 1. საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქორწინების მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ) ასლი;
  • 2. მეუღლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • 3. საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო 5 წლის განმავლობაში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვიზა, ბინადრობის ნებართვა ან მოწმობა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის დამადასტურებელი თარიღ-დამღა).
  • 4. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან სხვა ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა მოქალაქეობის შესახებ).

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება

საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება ყველაზე მეტ ინტერესს იწვევს უცხოელთა შორის, ვინაიდან, ამ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე ხანგრძლივი ვადით უწყვეტი ცხოვრების, ასევე ქართული ენისა და ისტორიის ცოდნის მოთხოვნები სახეზე არ გვაქვს.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

სახელმწიფო ინტერესების შეფასებისას, მათ შორის, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები:

ა) სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია და იგი ან მისი წინაპარი არის:

ა.ა) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი;

ა.ბ) სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი;

ბ) სხვა ქვეყნის მოქალაქემ დიდი წვლილი შეიტანა ან მომავალში შეიტანს სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარემაში.

გ) სხვა ქვეყნის მოქალაქე წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და მას სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.

წარსადგენი დოკუმენტაცია, გარდა „აუცილებელი დოკუმენტებისა“
  • 1. პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
  • 2. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის არანაკლებ 2 რეკომენდაცია სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
  • 3. ასევე ზემოთ ხსენებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები.

ამ შემთხვევაში განაცხადის გაკეთება შესაძლებელია საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნისას, საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა თუ საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვის გზით, როგორც პირადად, ისე მინდობილობის საფუძველზე.

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება

  • საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა:
  • ა) არამართლზომიერად;
  • ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით;
  • გ) მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად

საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭება

საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭება ხდება საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირისთვის, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა.

ასეთ შემთხვევაში განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს ქართული ენის ცოდნისა და საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის კრიტერიუმებს და არ უნდა არსებობდეს საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებაზე უარის თქმის, კანონით განსაზღვრული საფუძვლები.

ისტორიისა და ენის ცოდნა

საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითად საფუძვლების ცოდნის დონის დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობას აფასებს მოქალაქეობის საკითხთა კომისია.

საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად ჩასაბარებელი ტესტების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ საიტზე https://sda.gov.ge/?page_id=5123

საპატიო მოქალაქეობა

საქართველოს საპატიო მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს არ წარმოშობს. იგი მხოლოდ სიმბოლური და არასამართლებრივი კავშირის აღმნიშვნელია. საპატიო მოქალაქისათვის ქვეყნის პასპორტი არ გაიცემა.

საპატიო მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს, და იგი შეიძლება მიენიჭოს უცხოელს, რომელსაც თავისი სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივი საქმიანობით განსაკუთრებული დამსახურება აქვს საქართველოსა და კაცობრიობის წინაშე ან აქვს პროფესია და კვალიფიკაცია, რომლებითაც დაინტერესებულია საქართველო, და მისთვის საქართველოს საპატიო მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, მოქალაქეობის შენარჩუნების შესაძლებლობა

სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე.

საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული.

არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მოიპოვა დაბადებით, საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება დაბადებიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნულ ვადაში არასრულწლოვნისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადების წარუდგენლობის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა. არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. ერთ-ერთი მშობლის განცხადების წარდგენის შემთხვევაში არასრულწლოვნისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება დასაშვებია მეორე მშობლის თანხმობით.

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლები

როგორც აღვნიშნეთ, მოქალაქეობის ჩამორთმევა დაუშვებელია და ეს დაუშვებლობა, საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კანონმდებლობა უშვებს პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებს, როდესაც პირის კონკრეტული ქმედება მოქალაქეობის დაკარგვის წინაპირობა ხდება.

ასეთი წინაპირობა მხოლოდ 3 შემთხვევაა, თუმცა ამ წინაპირობებიდან ორს აქვს თავიანთი გამონაკლისებიც.

გამონაკლისის გარეშე, საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების საფუძველზე მოიპოვებს.

მეორე წინაპირობა, რაც საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას გამოიწვევს, არის საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე, სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში შესვლა (მსახურება). ამ შემთხვევაში, გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც პირი ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას (უარს არ იტყვის საქართველოს მოქალაქეობაზე) და რომელიც თავისი მოქალაქეობის ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის სამსახურში შევა, ასევე შემთხვევა, როდესაც პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით აქვს მინიჭებული.

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის მესამე წინაპირობას წარმოადგენს, პირის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული პირი სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც გვაქვს საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით არსებობა.

დასკვნა

საქართველოს მოქალაქეობის მიღება, მარტივი პროცესი არ არის, თუმცა, კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას, სახელმწიფო მზად არის გვერდში დაუდგეს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, მიიღოს საქართველოს მოქალაქის ბენეფიტები.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ განსხვავება საქართველოს მოქალაქეობასა და საგადასახადო რეზიდენტობას შორის. ზოგიერთი კლიენტი, საქართველოს საგადასახადო სისტემით სარგებლობის შესაძლებლობას მოქალაქეობას უკავშირებს, რაც არასწორია. შესაძლოა სულაც არ იყოს აუცილებელი, საქართველოს მოქალაქეობის მიღება იმ მიზნის მისაღწევად, რაც გადასახადების ოპტიმიზაციის კუთხით, თქვენ გსურთ. მეორეს მხრივ, საქართველოს მოქალაქეობის მიღებით, თქვენ უფლებრივად გათანაბრდებით საქართველოს მოქალაქესთან, რომელიც, ბევრი სხვა ქვეყნის მოქალაქისაგან განსხვავებით, მრავალი ბენეფიტით სარგებლობს. ამასთან არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეობას, თან ახლავს გარკვეული ვალდებულებებიც (მაგ.: სამხედრო სამსახური) რომელთა გამოკვლევა, თქვენი ვალია. ჩვენ ამაშიც დაგეხმარებით.

თქვენი ბიზნესის საგადასახადო მიმართულების სწორად დაგეგმვისა და ეფექტურად წარმართვისთვის, შეგიძლიათ დაგვეკონტაქტეთ. ჩვენი იურიდიული კომპანია მზადაა თქვენთან ერთად განვიხილოთ თითოეული შემთხვევა და შესაძლებლობა.

Do you need assistance in Georgia?

  • Free first consultation
  • Local & remote support
  • We answer within one hour
კონტაქტი