LTA-ის ანალიტიკა 2026 | კვარტალური
- 1) 2026 წლის 1 მარტიდან საქართელოში იგეგმება საიმიგრაციო ცვლილებები, კერძოდ იზრდება უძრავი ქონების ღირებულების მინიმალური ზღვარი D5 ვიზისა და მოკლევადიანი ბინადრობის მისაღებად და მკაცრდება შრომითი საქმიანობის წესები
- · საიმიგრაციო ვიზა - შეიცვალა D5 კატეგორიის საფუძველი, პირს საქართელოს ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 150 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს. უძრავი ნივთის ღირებულების მოთხოვნა გაიზარდა 50 000 აშშ დოლარით
- · ასევე, გაიზარდა უძრავი ქონების ღირებულების მოთხოვნა, მოკლევადიანი ბინადრობის შემთხვევაშიც. პირს საქართელოს ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 150 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტს.
- · შრომითი საქმიანობის უფლება სავალდებულო წინაპირობა ხდება საქართველოში საქმიანობის განსახორციელებლა, შესაბამისად შრომითი ბინადრობის ნებართვა, გაიცემა შრომითი საქმიანობის უფლების მიღების შემდგომ. დეტალური ინფორმაციისთის გაეცანით ჩვენს სტატიას https://lta.ge/ge/article/a-working-permit-becomes-mandatory-2026-labor-migrants-and-individual-entrepreneurs სადაც ასევე გაეცნობით ახალი ბინადრობის ნებართვის, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვისთის სავალდებულო მოთხოვნებს.
- 2) 2025 წლის ოქტომბერში, შემოსავლების სამსახურმა, მოსახლეობის დიდი ინტერესიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადთან დაკავშირებით, შეიმუშავა კალკულატორი, რომელიც აერთიანებს სამ დამოუკიდებელ კითხვარ-გამომთვლელს
- 1. შეგიძლიათ გაიგოთ, წარმოგეშობათ თუ არა ქონების გადასახადის გადახდის (მათ შორის მიწის) ვალდებულება მიმდინარე წელს:
https://www.rs.ge/PropertyTaxLiability
შემოსავლების სამსახურმა ასევე დააზუსტა თუ ვინ მოიაზრება ოჯახში. ოჯახს წარმოადგენს ფიზიკური პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე თუ პირთან მუდმივად ცხოვრობენ და საერთო მეურნეობას ეწევიან მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი.
2. გამომთვლელის საშუალებით ფიზიკურ პირს შეუძლია დაიანგარიშოს ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის ოდენობა
ამ შემთხვევაში ავსებთ მიწის მახასიათებლებს როგორიცაა მისი მდებარეობა, ფართობი, ტიპი ასევე, ირჩევთ ქონების ტიპებს, რომლებიც თქვენ საკუთრებაშია - ბინა, მსუბუქი ავტომობილი, აგარაკი, იახტა და ა.შ.
3. გამომთვლელის საშუალებით პირს შეუძლია დაადგინოს გასულ წელს ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი აჭარბებს თუ არა 40 000 ლარს.
https://www.rs.ge/PropertyTaxIncome
3) 2026 წლის 1 იანვრიდან ცვლილებები შევიდა საგადასახადო კოდექსში, ცალკეული საგადასახადო შეღავათების ვადა გადაიწია 2028 წლის 1 იანვრამდე, ასევე, გაჩნდა ახალი დეფინიცია - საინვესტიციო ოქროს ცნება და დაწესდა საგადასახადო შეღავათები
82-ე მუხლის მიხედვით, 2028 წლის 1 იანვრამდე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება:
სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის შემოსავალი - საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, თუ წლიურად 200 000 ლარს არ აღემატება.
ხელფასი სოფლის მეურნეობაში – სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება.
ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი - რეზიდენტი კომპანიის მიერ გამოშვებული, საჯაროდ განთავსებული და ეროვნულ ბანკთან აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული პროცენტი.
99-ე მუხლის თანახმად 2028 წლის 1 იანვრამდე მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება:
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგება – საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებიდან, სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) მიღებული მოგების განაწილება, ასევე ამ საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები და განხორციელებული განაცემები.
არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი კომპანიის მიერ 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას;
2028 წლის 1 იანვრამდე ერთობლივ შემოსავალში არ ითვლება: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისა და წევრების მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის მიწოდება ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებული მომსახურება.
დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდა საინვესტიციო ოქროს მიწოდება და იმპორტი. აღნიშნული სიახლე ხელს შეუწყობს საქართელოში საინვესტიციო კატეგორიის ოქროს ზოდებით/ფირფიტით და მონეტებით ვაჭრობას.
საგადასახადო კოდექსს დაემატა ახალი ტერმინი და განისაზღვრა საინვესტიციო ოქროს ცნება.
საინვესტიციო ოქრო − არანაკლებ 995/1000 სინჯის ოქროს ზოდი ან ფირფიტა, აგრეთვე არანაკლებ 900/1000 სინჯის ოქროსგან დამზადებული ოქროს მონეტა, რომელიც გამოშვებულია 1800 წლის შემდეგ და გამოშვების ქვეყანაში ფულად-საგადახდო საშუალებად გამოიყენება/გამოიყენებოდა.
2026 წლის 1 იანვრიდან გაქუმდა სპეციალური სავაჭრო ზონის (სსკ-ის 26-ე მუხლი) და ბაზრობის ორგანიზების (სსკ-ის 262-ე მუხლი) მარეგულირებელი დებულებები, აღნიშნულიდან გამომდინარე ტექნიკური ცვლილებები განხორციელდა საგადასახადო კოდექსის შესაბამის მუხლებში.
2028 წლის პირველ 1 იანვრამდე გაგრძელდა ასევე შეღავათების მოქმედება თამბაქოს ნედლეულის იმპორტთან დაკავშირებით;
2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესაძლებლობა;
4) 2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საგადასახადო ცვლილება აქციზის განაკვეთებზე
ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე დაიბეგრება 20 ღერზე 1.3 ლარის ოდენობის აქციზით (ნაცვლად 1.9 ლარის).
35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, ასევე იმპორტირებული სიგარეტები იბეგრება 20 ღერზე 2.75 ლარის (ნაცვლად 1,9 ლარისა) ოდენობის აქციზის განაკვეთით;
თამბაქოს ან აღდგენილი თამბაქოს შემცველობით აქციზის განაკვეთი განისაზღვრა 20 ღერზე/ცალზე 2,70 ლარით (ნაცვლად 1,85 ლარისა).
სიგარეტებისთვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთია აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 %-ის ჯამი. ხოლო ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტებისათვის, ასევე იმპორტირებული სიგარეტისთვის, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი იქნება 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 %-ის ჯამი.
კაფსულებისა და მსგავსი სახის პროდუქტებისთვის (თამბაქოს შემცველობით) 20 ცალზე და წვის პროცესის გარეშე აეროზოლის მისაღებად გამოსაყენებელი ღერებისთვის 20 ღერზე აქციზის განაკვეთია ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამი
5) 2026 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები მიზნად ისახავს ელექტრონული სერვისების გაფართოებას, რის შედეგადაც მომსახურების მიღება და გაწევა უფრო მეტად დისტანციურად იქნება შესაძლებელი და მნიშვნელოვნად შემცირდება ფილიალში ვიზიტის საჭიროებას
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად გადასახადის გადამხდელს მიეცემა შესაძლებლობა „საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ“ განცხადება წარმოადგინოს ელექტრონული ფორმით.
2025 წლის 24 ნოემბრიდან ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიან სასმელების ექსპორტზე CT-1 სერტიფიკატის მისაღებად განცხადება წარმოდგენილ უნდა იქნას შემოსავლების სამსახურის ავტორიზებული მომხმარებლის ვებ გვერდის (eservices.rs.ge) ახალი მოდულიდან - „წარმოშობის სერტიფიკატი“.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილებები, რომელიც 2025 წლის 22 დეკემბრიდან შევიდა ძალაში. გაჩნდა ახალი მომსახურების სახეები როგორიცაა:
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატის აღდგენა 1 სამუშო დღე 50ლ; შემოსავლების სამსახურის საარქივო სამმართველოდან დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ის/ინფორმაციის გამოთხოვა 10 სამუშაო დღე - 30ლ.
ასევე, გარკვეულ მომსახურებებზე საფასურები იქნა შემოღებული თუკი შემოსავლების სამსახურს განცხადებას წარუდგენთ მომსახურების გაწევის ადგილზე ვიზიტით. მაგალითად, ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის (eservices.rs.ge) პირველადი აქტივაციისთვის მომართვა, მომსახურების გაწევის ადგილზე ვიზიტით 1 სამუშაო დღე - 20ლ.
დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის ცნობის სახით გაცემა 1 სამუშაო დღე - 30ლ.
მსგავსი ცვლილებებით, შემოსავლების სამსახური ემსახურება დისტანციური სერვისებით სარგებლობის წახალისებას, რაც ასევე დაზოგავს მომხმარებლების დროს და ხარჯებს.
6) 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა აკრძალვები - სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ
აკრძალულია სეს ესნ-ის 3917 − სასაქონლო პოზიციაში, 3924 10, 3923 10 და 3923 50 სასაქონლო სუბპოზიციებში კლასიფიცირებული, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების/ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი ან/და ბაზარზე განთავსება.
აკრძალულია საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი გამოყენების სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით მზა სურსათის მიწოდება მომხმარებლებისთვის თუმცა ეს აკრძალვა არ ვრცელდება პლასტმასისაგან დამზადებულ ერთჯერადი გამოყენების შესაფუთ ნაკეთობებზე (საგნებზე), რომლებიც განკუთვნილია დაფასოებული სურსათისათვის. მაგალითად იოგურტი პლასტმასის ჭიქაში, წყალი, ლიმონათი, წვენი პლასტმასის ბოთლში, ნამცხვრები ან კანფეტები პლასტმასის შეფუთვაში.
ცვლილებები ამოქმედდა 2026 წლის 1 იანვრიდან თუმცა სახელმწიფო კვების ობიქტებს და მაღაზიებს აძლევს გარკვეულ დროს. პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმლის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დასაშვებია, ბაზარზე განთავსებულ იქნეს დადგენილების ამოქმედებიდან, ანუ 2026 წლის 1 იანვრიდან 3 თვის განმავლობაში, ხოლო პლასტმასისგან დამზადებული ერთჯერადი სასურსათო კონტეინერებისა და ჭიქების საშუალებით საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის მზა სურსათის მიწოდება შესაძლებელია დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის განმავლობაში.
დადგენილების ამოქმედებამდე ბაზარზე განთავსებული სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალები და საგნები, რომლებიც ახალ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, შეიძლება რეალიზდეს ერთი წლის განმავლობაში.
7) 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ცვლილება დადგენილებაში - „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“
აკრძალულია პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ №2 დანართით განსაზღვრულ ნივთიერებებზე (დიქლორფთორმეთანი, ქლორტრიფთორეთანები, ტრიქლორფთორეთანები…) მომუშავე №9 დანართით გათვალისწინებული (მაცივრები, საყინულეები და სხვა მაცივარი ან საყინულე მოწყობილობები ელექტრული ან სხვა ტიპისა, სასმელების გასაყიდი ავტომატები: ჩადგმული სახურებელი ან გამაცივებელი მოწყობილობებით…) მეორადი მოხმარების მოწყობილობების იმპორტი (თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება, დროებით შემოტანის პროცედურაში მოქცევა, თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცევა).
8) 2026 წლის 1 იანვრიდან შეიცვალა თამბაქოს და ალკოჰოლიანი სასმელისთვის განკუთვნილ აქციზურ მარკაზე ნომინალური ღირებულები
იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო (მათ შორის: სიგარა, სიგარილა) თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე ნაცვლად 19,5 დოლარისა ექვივალენტი ლარებში განისაზღვრა – 18 დოლარის ეკვივალენტი ლარებში;
ადგილობრივი და იმპორტული ალკოჰოლიანი სასმელისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე ნაცვლად 12 დოლარისა ექვივალენტი ლარებში განისაზღვრა – 10 დოლარის ეკვივალენტი ლარებში;
იმპორტირებული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილ 1 000 ცალ აქციზურ მარკაზე ნაცვლად 19,5 დოლარის ეკვივალენტი ლარებში განისაზღვრა – 18 დოლარის ეკვივალენტი ლარებში.
9) პეროსნალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2026 წლის 2 მარტიდან წყვეტს ფუნქციონირებას, ხოლო მისი უფლებამოსილებები სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის გადაწყვეტილების მიზანად კი დასახელდა - სახელმწიფო რესურსების ოპტიმიზაცია, სტრუქტურული ფუნქციების გამარტივება და პასუხისმგებლობების უფრო მკაფიო განაწილება. ასევე უქმდება ანტიკორუფციული ბიურო და მისი ფუნქციებიც აუდიტის სამსახურს გადაეცემა.
10) საქართელოში მომავალი ტურისტებისთვის 2026 წლის 1 იანვრიდან ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა სავალდებულო ხდება
დამტკიცდა „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესი და პირობები“.
ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელი ტურისტის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის მინიმალურ სტანდარტსა და მოთხოვნებს.
ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) დიპლომატიური ან სპეციალური ვიზის მფლობელ პირებზე;
ბ) დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი ან სპეციალური პასპორტის მფლობელ პირებზე;
გ) საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების აკრედიტებულ თანამშრომლებზე, აგრეთვე თანამშრომელთა იმ ოჯახის წევრებზე, რომლებსაც აქვთ აკრედიტაცია;
დ) პირებზე, რომელთა საქართველოში შემოსვლა გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით ან ხელშეკრულებებით;
ე) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებსა და სამგზავრო გადაყვანებში ჩართულ მძღოლებზე.
ტურისტი ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას იქონიოს მინიმუმ ამ დადგენილებით განსაზღვრული პოლისი, რომელიც გაცემულია საქართველოს ან უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ. ტურისტი ვალდებულია საქართველოში შემოსვლიდან მისი დაყოვნების სრულ პერიოდზე დაზღვეული ჰქონდეს ჯანმრთელობა და უბედური შემთხვევა, ამ დადგენილების შესაბამისად.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პასუხისმგებელი პირი იქნება უფლებამოსილი, სასაზღვრო გამტარ პუნქტში შეამოწმოს ტურისტის მიერ პოლისის ფლობა.
პოლისის სადაზღვევო თანხა უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 30 000 ლარს. პოლისი შესაძლებელია, წარმოდგენილ იქნეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმით, ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
11) 2025 წლის 17 დეკემბრიდან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება
თუ პირმა 2025 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 273-ე მუხლით განსაზღვრული სისხლის სამართლის დანაშაული, რაც გულისხმობს შემდეგს: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა ასევე, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ერთჯერადად აღუდგება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
ამ უფლების აღსადგენად პირმა უნდა მიმართოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას.
პირმა განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის (დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის) დასკვნა.
12) 2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში დაიწყებს ფუნქციონირებას საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის ბაკალავრის ხარისხის მიღება.
საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამას და რომლის მიმართ სახელმწიფო კონტროლს უზრუნველყოფს ან ამ კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ამ სტატუსის მისაღებად პოლიციის აკადემიას მიეცემა უფლება, ოფიციალურად მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რათა აკადემია აღიარებულ იქნეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად.
სასწავლებლის საქმიანობასა და მართვას შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკონტროლებს — ის დაამტკიცებს სასწავლებლის წესდებას, სტრუქტურას და ხელმძღვანელ ორგანოებს, ასევე უზრუნველყოფს პროგრამების დაფინანსებას ან საჭიროების შემთხვევაში აკადემიისგან მომსახურების შეძენას.
პოლიციის აკადემიაში ბაკალავრის პროგრამაზე ჩარიცხვის წესები, სწავლასთან დაკავშირებული საკითხები (პრაქტიკა, მობილობა, სტუდენტის სტატუსის შეჩერება ან შეწყვეტა) და საპოლიციო აკადემიური პროგრამების განხორციელების დეტალები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
13) 2025 წლის 10 დეკემბერს უმღლესი განათლების შესახებ საქართელოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების ფარგლებში:
ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს (240 ნაცვლად);
ბ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს ან არანაკლებ 120 კრედიტს, რომელიც აერთიანებს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60-კრედიტიან ნაწილებს; (ნაცლად 120 კრედტისა)
გ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი და მისი სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს კრედიტებს. (ცვლილებამდე კრედიტები დაკონკრეტებული იყო და მოიცავდა არაუმეტეს 60 კრედიტს).
კრედიტების რაოდენობის ცვლილება გავრცელდება 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე.
14) 2025 წლის 10 დეკემბერს განხორციელებული ცვლილების თანახმად სახელმწიფო საქართელოს მოქალაქეებს სრულად დაუფინანსებს სწავლას ბაკალავრისა და მაგისტრის საფეხურებზე და მიმდინარეობს უნივერსიტეტის ახალი მოდელის შექმნის იდეაზე მუშაობა
უმაღლესი განათლების შესახებ საქართელოს კანონის 79-ე მუხლს დაემატა 11 პუნქტი, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტებში ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურებზე საქართველოს მოქალაქეების სწავლას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
ასევე, საქართველოს მთავრობა გამოდის ინიციატივით შეიქმნას ონლაინ უნივერსიტეტი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა 2028 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს ონლაინუნივერსიტეტის კონცეფცია/მოდელი და სტანდარტი.
კანონის ამოქმედებამდე ანუ 2025 წლის 10 დეკემბრამდე უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც სახელმწიფო დაფინანსება უკვე მიიღეს ან მიიღებენ 2026 წლამდე, ეს დაფინანსება შეუნარჩუნდებათ 2030–2031 სასწავლო წლის ჩათვლით.
დაფინანსება გაგრძელდება იმავე ოდენობით და იმავე პირობებით, რაც მათ ჰქონდათ კანონის ამოქმედებამდე.
15) ანგარიშვალდებულ პირებს წარმოეშობათ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების (AML/CFT) ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის ვალდებულება
2024 წლის 9 დეკემბრიდან საქართველოში განახლდა წესები, რომლებიც მოიცავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ზედამხედველობას. აღნიშნული ცვლილებები სავალდებულოა - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება №ნ-16-ის მიხედვით, ხოლო მათი შეუსრულებლობა გამოიწვევს სამართლებრივ და ადმინისტრაციულ შედეგებს.
ცვლილებები განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, რადგან ახალი წესების პირველი ოფიციალური ანგარიშგების პერიოდი მოიცავს 2025 წლის 1 მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებულ საქმიანობას, ხოლო ანგარიშების წარდგენა სავალდებულოა 2026 წლის 31 იანვრამდე. ანგარიშგების ვალდებული პირები უნდა მოემზადონ დროულად, რათა თავიდან აიცილონ სანქციები.
ბრძანების მიზანია გააუმჯობესოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის სისტემა, გაამარტივოს ზედამხედველობის პროცესი და შექმნას ერთიანი სტანდარტი ანგარიშგების შევსებისა და წარდგენისთვის.
რა ცვლილებები შევიდა ძალაში
ბრძანებით დამტკიცდა სამი მნიშვნელოვანი დოკუმენტი:
- 1. ანგარიშვალდებული პირის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და წარდგენის წესი – ეს დოკუმენტი დეტალურად განმარტავს, როგორ უნდა შეივსოს ანგარიშგება, რა ინფორმაცია უნდა იყოს ასახული და რა ფორმით უნდა წარედგინოს ზედამხედველ ორგანოს.
- 2. ფიზიკური პირი ანგარიშვალდებული პირებისთვის განკუთვნილი ანგარიშგების ფორმები – აღნიშნული ფორმები სპეციალურად მორგებულია იმ პროფესიონალებზე, რომლებიც საქმიანობენ ინდივიდუალურად (მაგალითად, აუდიტორები, ბუღალტრები და სხვა მსგავსი პროფესიები).
- 3. იურიდიული ანგარიშვალდებული პირებისთვის განკუთვნილი ანგარიშგების ფორმები – ეს ფორმები განკუთვნილია კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც კანონით ითვლებიან ანგარიშვალდებულ პირებად.
ვინ არის ანგარიშვალდებული პირი და რატომ აქვს მას განსაკუთრებული ვალდებულებები
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა თანამედროვე ფინანსური სისტემის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ეკისრება ანგარიშვალდებულ პირებს. სწორედ ისინი არიან ის სუბიექტები, რომლებიც პირველები ამჩნევენ შესაძლო რისკებს და ვალდებულნი არიან, ინფორმაცია შესაბამის ორგანოებს მიაწოდონ. ანგარიშვალდებული პირი არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობა ავალდებულებს:
- 1. შეაფასოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები.
- 2. გაატაროს პრევენციული ღონისძიებები.
- 3. წარადგინოს შესაბამისი ანგარიშგება ზედამხედველ ორგანოში.
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ ვინ შეიძლება იყოს ანგარიშვალდებული პირი
ანგარიშვალდებული პირები არიან:
- · სერტიფიცირებული ბუღალტერი;
- · პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი;
- · საბუღალტრო ფირმა;
- · აუდიტორი;
- · აუდიტორული (აუდიტური) ფირმა;
რა ვალდებულებები აქვთ ანგარიშვალდებულ პირებს
ანგარიშვალდებულ პირს ევალება: კლიენტის იდენტიფიცირება და მისი მონაცემების გადამოწმება; კლიენტის საქმიანობისა და რისკების შეფასება; საეჭვო ოპერაციების გამოვლენა; შესაბამისი ანგარიშგების შევსება და წარდგენა; შიდა კონტროლის და მონიტორინგის სისტემის დანერგვა. ეს ვალდებულებები მიზნად ისახავს ფინანსური სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას და უკანონო საქმიანობის პრევენციას.



