მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებული სამართალდარღვევები საქართველოში: სამართლებრივი გზამკვლევი
საქართველოში მარიხუანასა და კანაფთან დაკავშირებული სამართლებრივი მიდგომა მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო ათწლეულში. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლიბერალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო, 2025 წელს მიღებული ახალი რეგულაციები არსებითად ამკაცრებს პოლიტიკას. წინამდებარე გზამკვლევი მიმოიხილავს საქართველოში კანაფისა და მარიხუანას მოხმარებასთან, ფლობასა და გავრცელებასთან დაკავშირებულ განახლებულ სამართლებრივ ჩარჩოს.
2025 წლის საკანონმდებლო ცვლილებები
2025 წელს გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273¹ მუხლი, რომელიც ცალკეულად არეგულირებდა მარიხუანასთან დაკავშირებულ დანაშაულებს. ამ საკითხებს ახლა მთლიანად არეგულირებს 260-ე მუხლი, რომელიც მარიხუანას მოიაზრებს აკრძალულ ნარკოტიკულ ნივთიერებათა საერთო ჯგუფში. ცვლილებებით შემოტანილია მკაცრი პასუხისმგებლობა რაოდენობისა და ქმედების ტიპის (ფლობა, გავრცელება, მოყვანა და სხვა) მიხედვით.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები
მცირე ოდენობის მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, მოხმარება ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა კვლავ რჩება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, რაც რეგულირდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლით. 2025 წლის შემდეგ:
· მცირე ოდენობა: 5 გრამამდე გამომშრალი ან 10 გრამამდე ნედლი ფორმა
· სანქციები: 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არ ითვლება შემთხვევა, როდესაც პირი კერძო საკუთრებაში მოიხმარს მცირე ოდენობით მარიხუანას, მაგრამ ნებისმიერ სხვა სივრცეში მისი მოხმარება დასჯადია. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ისჯება მისი მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ მარიხუანა მოიხმარეთ კერძო საკუთრებაში, გაჩნდება კითხვა თუ საიდან აღმოჩნდა ის თქვენს ხელში, რითაც შესაძლოა მაინც მიხვიდეთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევამდე. აღნიშნული სამართალდარღვევები, გარდა ჯარიმისა, ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, საჯარო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის და სხვა უფლებების, 5 წლით ჩამორთმევას.
დასჯადია ასევე მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება და არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ სივრცეში ყოფნა. უარის თქმა ნარკოტესტზე ითვლება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და ისჯება ანალოგიური სანქციებით. მართალია, აღნიშნული არ ვრცელდება მარიხუანას მოხმარების დადგენის საკითხზე, მაგრამ პრაქტიკაში რთული წარმოსადგენია, თუ ნარკოტესტზე უარს იტყვის კონკრეტული პირი, როგორ უნდა განისაზღვროს მარიხუანას მომხმარებელია იგი თუ რაიმე სხვა ნარკოტიკული ნივთიერების.
მცირე ოდენობის ხელმეორე შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა
2025 წლის კანონპროექტის თანახმად, მცირე ოდენობით კანაფის - 10 გრამამდე, მარიხუანას - გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლის - 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში იგივე ქმედება გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. თუმცა აღნიშნული ცვლილება ჯერჯერობით სისხლის სამართლის კანონმდებლობაში არ ასახულა. სსკ-ის 260- ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას კანაფისა და მარიხუანას უკანონო შეძენა, შენახვაზე. მითითებულ მუხლში არ არის განსაზღვრული კონკრეტული ოდენობა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას შეძენა, შენახვა. თუმცა, ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიც ითვალისწინებს მცირე ოდენობის მარიხუანას შეძენა, შენახვის დასჯადობას ადმინისტრაციული წესით, სავარაუდოდ, პირველ შემთხვევაზე მოხდება პირის ადმინისტრაციული წესით პასუხისგება, ხოლო განმეორების შემთხვევაში გადავა სისხლის სამართლის წესით პასუხიგებაში. დღეს მოქმედი კანონმდებლობა მარიხუანასთან/კანაფთან მიმართებით ძალიან ბუნდოვანია და საჭიროებს მეტ კონკრეტიკას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება იმის დადგენა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში როგორ იმოქმედებს სამართალდამცავი ორგანო.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას შემდეგნაირად:
- · 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა — თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე
- · 70–250 გრამი — თავისუფლების აღკვეთა 5–8 წლამდე
- · 250 და მეტი გრამი - 8-20 წლამდე ან უვადო
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2651 -ე მუხლით.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ შემთხვევებში მარიხუანას პირადი მოხმარება დეკრიმინალიზებულია, მარიხუანასგან მიღებული სხვა პროდუქტები (მაგალითად ზეთი, ექსტრაქტი, THC-ის იზომერები) კვლავ რჩება აკრძალულ ნარკოტიკულ ნივთიერებად და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
როგორ დაგეხმარებათ ჩვენი იურიდიული ფირმა
გთავაზობთ:
- · სტრატეგიულ დაცვას როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის საქმეებში
- · წარმომადგენლობას ნარკოტესტირებისა და მართვის მოწმობის ჩამორთმევის საკითხებში
- · კონსულტაციას რაოდენობრივი ზღვარის და აკრძალული ნივთიერებების შესახებ
დაგვიკავშირდით კონფიდენციალური სამართლებრივი კონსულტაციისთვის.



