სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში 2024
სასაქონლო ნიშნის განმარტება
სანამ სასაქონლო ნიშნების მნიშვნელობასა და რეგისტრაციის პროცედურაზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში განვმარტავთ თუ რა არის სასაქონლო ნიშანი.
“სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სასაქონლო ნიშანი არის -ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც შეტანილია სასაქონლო ნიშნების რეესტრში, ჩამოყალიბებულია ნათლად და მკაფიოდ და აქვს უნარი, ერთი საწარმოს საქონელი ან/და მომსახურება მეორე საწარმოს საქონლისგან ან/და მომსახურებისგან განასხვაოს.
სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობაში მოიაზრება სიტყვა/სიტყვები, სახელი/სახელები, ასო/ასოები, ციფრი/ციფრები, ბგერა/ბგერები, გამოსახულება, ფერი/ფერები, საქონლის ან მისი შეფუთვის ფორმა.
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მნიშვნელობა
სასაქონლო ნიშანი არის ღირებული აქტივი, რომლის რეგისტრაციას დიდი მნიშვნელობა აქვს ბიზნესებისთვის. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას პირველ რიგში აქვს სამართლებრივი დაცვის ფუნქცია, ის განიჭებთ ექსკლუზიურ უფლებას გამოიყენოთ სასაქონლო ნიშანი თქვენს საქონელთან ან მომსახურებასთან მიმართებით და აუკრძალოთ სხვებს მისი გამოყენება.
მისი რეგისტრაციის შემდეგ ხდება ბიზნესის იდენტიფიცირება სასაქონლო ნიშანთან და მკაფიოდ განგასხვავებთ ეს კონკურენტებისგან. რაც უფრო ფართოვდება ბიზნესი და მეტი რესურსი იხარჯება, მეტად საჭირო და მოთხოვნადი ხდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. თქვენი სასაქონლო ნიშანი შეგიძლიათ დაიცვათ როგორც ეროვნულ დონეზე, ისე საერთაშორისოდ.
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცედურა
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ხდება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში „საქპატენტში“. განცხადების წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალურად, საქპატენტის კანცელარიაში, ისე ელექტრონულად, ონლაინ. განცხადების შევსება ხდება ქართულ ენაზე.
საქპატენტში შეტანილ განაცხადს უტარდება ფორმალური მოთხოვნებისა და არსობრივი ექსპერტიზა.
ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ადგენს, არის თუ არა განაცხადი შევსებული კანონის შესაბამისად.
არსობრივი ექსპერტიზა ტარდება განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დამთავრებიდან 6 თვის ვადაში.
არსობრივი ექსპერტიზა ამოწმებს, არსებობს თუ არა კანონით გათვალისწინებული, რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული ვადა არის 11 თვე, ხოლო დაჩქარებული ვადა - 10 დღე.
აღსანიშნავია, რომ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დღიდან რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე წარმოიშობა მფლობელის განსაკუთრებული უფლება. ეს მფლობელს რიგ უპირატესობებს ანიჭებს, მაგალითისთვის, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა.
რეგისტრაციისას განცხადება ივსება დეტალურად, სიზუსტით (ჩამონათალი არასრულია):
- · განმცხადებელი იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის მონაცემები;
- · სასაქონლო ნიშნის კატეგორია ანუ როგორი სახეობისაა ის - სიტყვიერი, გამოსახულებითი და ა.შ;
- · თუ ის გამოსახულებითია უნდა აიტვირთოს შესაბამისი გამოსახულება;
- · სასაქონლო ნიშნის მოკლე აღწერილობა;
- · ფერის არჩევა.
სასაქონლო ნიშნის რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ „საქპატენტი“ გასცემს მოწმობას სასაქონლო ნიშანზე. მოწმობით დასტურდება სიმბოლოს რეგისტრაცია სასაქონლო ნიშნად, სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტის თარიღი, მფლობელის განსაკუთრებული უფლება ნიშანზე და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მოქმედების ვადა.
შეიძლება ერთ დღეს ბიზნესს გაუჩნდეს სურვილი გასცდეს საქართველოს საზღვრებს და მოახდინოს სასაქონლო ნიშნის საერთაშორისო რეგისტრაცია და არამარტო საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც აკრძლოს მსგავსი ან იდენტური ნიშნის გამოყენება.
რეგისტრაციაზე გამოტანილი უარყოფითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს განმცხადებლის მიერ საქპატენტის სააპელაციო პალატაში გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი თვის ვადაში.
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე აუცილებელია გაითვალისწინოთ კანონის მოთხოვნები, კერძოდ უარის თქმის საფუძვლები.
არსებობს უარის თქმის აბსოლუტური და შედარებითი საფუძვლები.
აბსოლუტური საფუძვლები
სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ შესაბამისი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა: (არასრული ჩამონათალი):
- · ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს;
- · შესაძლებელს ხდის, მომხმარებელს საქონლის ხარისხის, თვისების, გეოგრაფიული წარმოშობის ან/და საქონლის სხვა მახასიათებლის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეექმნას;
- · შეიცავს ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა მცენარის ახალი ჯიშის დასახელებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ან საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე დაცულია საქართველოში, და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოითხოვება მცენარის იმავე ან მსგავსი ჯიშისთვის.
შედარებითი საფუძვლები
სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი: (არასრული ჩამონათალი):
- · იდენტური საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია;
- · მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია, ხოლო შესაბამისი საქონელი – იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის, შესაძლებლობა;
- · შეიცავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში ცნობილი პირის სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს ან პორტრეტს და მის გამოყენებაზე არ არსებობს ამ პირის ან მისი მემკვიდრის თანხმობა, ხოლო თუ იგი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებაა, − საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობა.
თუ გსურთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, განსაკუთრებით კი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ბიზნესისთვის ყველა წესის დაცვით, LTA-ს გუნდი მზადაა დაგეხმაროთ პროცესის გამარტივებასა და მიზნის მიღწევაში.
პასუხისმგებლობის უარყოფა: ეს არ არის იურიდიული ან საგადასახადო რჩევა. ჩვენი აზრი არ არის სავალდებულო სასამართლოსა და საგადასახადო ორგანოებისთვის. ნებისმიერი ტიპის ინვესტიცია შეიცავს რისკებს. საიტის გამოყენება არ ქმნის ადვოკატ/ბუღალტერ-კლიენტის ურთიერთობას.



