თეთრი საყელოს დანაშაული მოიცავს მრავალფეროვან არაძალადობრივ დანაშაულებს, რომლებიც, როგორც წესი, ჩადენილია კომერციულ კონტექსტში და დამნაშავის განზრახვაა მიიღოს უკანონო ფინანსური სარგებელი. აღნიშნულ ქმედებას დანაშაულის სტანდარტული შემთხვევებისაგან გამოარჩევს ის გარემოება, რომ უკანონო სარგებლის მიღების საშუალებად არჩეული ქმედების ფორმა თავის თავში გამორიცხავს ძალადობრივ მეთოდებს და შემოიფარგლება ინტელექტუალური აქტივობებით. აღნიშნული დანაშაულებების ამსრულებელთა წრე ფართოა და მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო მოხელეებს. ქართული სამართლებრივი სისტემა თეთრი საყელოს დანაშაულებთან მიმართებაში განიცდიდა რეფორმაციულ პროცესებს, მათ შორის თაღლითობასა და კორუფციასთან დასაპირისპირებლად. წინამდებარე ნაშრომი განიხილავს ამ დანაშაულების ბუნებას საქართველოში და კანონმდებლობას, რომელიც გამოიყენება ასეთ ქმედებებზე.
თეთრი საყელოს დანაშაული საქართველოში
თეთრსაყელოიანი დანაშაულები საქართველოში, როგორც წესი, მოიცავს რთულ ფინანსურ ტრანზაქციებს და კორპორატიულ თაღლითობას, მექრთამეობას, კორუფციას და სხვა დაკავშირებულ აქტივობებს. ასეთ დანაშაულებს შეიძლება ჰქონდეს დამანგრეველი შედეგები ბიზნესზე, სამთავრობო უწყებებსა და ფინანსური ბაზრების მთლიანობაზე.
აღსანიშნავია რომ მსგავსი ტიპის დანაშაულების ზოგადი სტატისტიკა მაღალი არ არის და საშუალოდ დანაშაულთა საერთო რაოდენობის 1%-ის ფარგლებში მერყეობს. თუმცა მის შედეგად გამოწვეული ფინანსური ზიანის ოდენობა ყველა სხვა დანარჩენი დანაშაულებით გამოწვეული ზიანის ოდენობას აღემატება ხოლმე. შესაბამისად, თეთრი საყელოს დანაშაული არა მხოლოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკურ ლანდშაფტზე, არამედ, მთლიანობაში, აისახება თითოეული ადამიანის მდგომარეობაზე, მიუხედავად იმისა, უშუალოდ მას ეხებოდა თუ არა კონკრეტული ქმედება ან უმოქმედობა.
თაღლითობისა და კორუფციის გავლენა ბიზნესზე
თაღლითობა და კორუფცია საქართველოს ეკონომიკისათვის უდიდესი გამოწვევა იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების დროიდან მოყოლებული. აღნიშნულმა დანაშაულებმა შეაღწია თითქმის ყველა სფეროში. დაწყებული ინდივიდუალური მეწარმეების მცირე მნიშვნელობის თაღლითური შემთხვევებიდან, დამთავრებული ფართომასშტაბიანი კორუფციული გარიგებებით, რომლებშიც საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ.
თაღლითობას, კორუფციას და სხვა თეთრ საყელოს დანაშაულებს შეუძლიათ დამანგრეველი გავლენა მოახდინონ ქვეყნის ეკონომიკურ ლანდშაფტზე. ბიზნესის მხრიდან ქვეყნის სამართლებრივი ინსტიტუციებისადმი ნდობა სუსტდება, უცხოური ინვესტიციები ფერხდება/მცირდება და ეს ყველაფერი პირდაპირპროპორციულად აისახება ეკონომიკაზე.
თეთრი საყელოს დანაშაულთან ბრძოლის სამართლებრივი ჩარჩო
თეთრი საყელოს დანაშაულების აღმოსაფხვრელად, საქართველოს სჭირდებოდა ხელშემწყობი სამართლებრივი გარემოს შექმნა - კანონი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ - სხვა კონკრეტულ რეგულაციებთან ერთად, რათა გაეძლიერებინა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ამ ტიპის სამართალდარღვევებთან მიმართებაში.
გამოწვევები აღსრულებასა და პროკურატურაში
თუმცა, ყველაფერი არ არის სრულყოფილი და გარკვეული ხარვეზები ჯერ კიდევ გვხვდება თეთრი საყელოს დანაშაულების დევნასა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია რესურსების, სპეციალური ცოდნისა და უნარების ნაკლებობასთან და ზოგჯერ სამართლებრივი პროცესების გამჭვირვალობის საკითხთან.
სისხლის სამართლის სამართლებრივი აღსრულების გაძლიერება
თეთრსაყელოიანი დანაშაულების წინააღმდეგ სამართლებრივი აღსრულების ეფექტიანად დასახმარებლად საჭიროა სასამართლო სისტემაში მუდმივი რეფორმები. ეს რეფორმები მიზნად ისახავს იურიდიული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებას, სამართლებრივი პროცედურების ეფექტურობას და სასამართლო სისტემის საერთო გამჭვირვალობას.
დადებით ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს სახელმწიფოს მცდელობა ქვეყანაში დაენერგა თეთრი საყელოს დანაშაულების მიმართ შედარებით განსხვავებული მიდგომა. კერძოდ, მსგავსი ტიპის დანაშულებში ბრალდებული პირების თავისუფლების აღკვეთისაგან მაქსიმალურად თავის შეკავება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე. ამ კუთხით გაზიარებული იქნა დასავლური პრაქტიკა და რეკომენდაციები. ამ გზით, გამომდინარე თვითონ საფინანსო-ეკონომიკური სფეროს სენსიტიური ბუნებიდან, მაქსიმალურად მცირდება იმისი ალბათობა, რომ სასამართლოს გამამართლებელი გადაწყვეტილების ფონზე ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირებმა მაინც მიიღონ არაგონივრული ფინანსური და რეპუტაციული ზიანი. მაგალითად, აღკვეთის ღონისძიების სახით თავისუფლების აღკვეთა შფარდებული პირი არა მხოლოდ შორდება თავის საქმიანობას, არამედ ის და მისი ფირმა იღებენ მძიმე რეპუტაციულ დარტყმასაც, რაც მთლიანობაში, პირდაპირ აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზეც. ამავდროულად, მსგავსი პრეცედენტები სხვა საქმოსნებსაც უქმნის დაუცველობის და საფრთხის განცდას. უფრო მეტიც, ნაჩქარევმა და არაგონივრულმა სასჯელმა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მისიაც - დაზარალებულების უფლებების პრიორიტეტული დაცვა, მათთვის ზიანის ანაზღაურება. ამ კუთხით კარგი მაგალითია თუნდაც ე.წ. „ცენტრ პოინტის საქმე“.
პრევენციის სამართლებრივი დებულებები და სტრატეგიები
თაღლითობისა და კორუფციის შესაბამისი საქმეები და თანდართული სასჯელები დაწვრილებით არის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ეს სამართლებრივი დებულებები ხელს უწყობს სავარაუდო დამნაშავეების შეკავებას, დანაშულის განზრახვაზე ხელის აღებას მაღალი სასჯელის შიშით და მოსალოდნელი სასჯელისა და ფინანსური ბენეფიტების იმგვარი შეფარდებით, რითაც მსგავსმა დანაშაულმა შესაძლოა დაინტერესებული პირისათვის ეკონომიკურადაც კი დაკარგოს აზრი. ასევე, იქმნება დანაშაულის მსხვერპლთა დაცვის საშუალებები. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სრულად არ და ვერ გამორიცხავს თეთრი საყელოს დანაშაულების ჩადენას.
ბიზნესი და სამთავრობო უწყებები საქართველოში სულ უფრო მეტად ერთვებიან სხვადასხვა სტრატეგიებში, რომლებიც მიმართულია თეთრსაყელოიანი დანაშაულის პრევენციისკენ. ასეთი ძალისხმევა მოიცავს შესაბამისობის სერიოზულ პროგრამებს, ხშირ აუდიტს და შესაბამის ბიზნეს ეთიკას.
სისხლის სამართლის იურიდიული მომსახურება საქართველოში
სისხლის სამართლის ადვოკატი აუცილებელია თეთრსაყელოიან დანაშაულში ბრალდების არსებობის დროს. ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც ფიზიკური ან იურიდიული პირი თავად გახდა ამ დანაშულის მსხვერპლი. ჩვენი იურიდიული მომსახურება მოიცავს სამართლებრივ დაცვასა და საკონსულტაციო მხარდაჭერას როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის, რომლებსაც ემუქრებათ ბრალდებები ასეთ დანაშაულებში, ან/და არიან დაზარალებულები.
ჩვენი სისხლის სამართლის სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს იურიდიულ კომპანიას. ჩვენი სისხლის სამართლის ადვოკატების გუნდი მზად არის შემოგთავაზოთ ექსპერტთა კონსულტაცია და წარმომადგენლობა.



