შესაძლოა თუ არა, რომ ეს საგადასახადო რეჟიმი თქვენთვის სასარგებლო იყოს?
დავიწყოთ იმით, რომ ეს შეიძლება იყოს საინტერესო მხოლოდ მათთვის ვინც არის IT ინჟინერი (დეველოპერი) თავად, ან აქვს IT კომპანია. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა დაგაინტერესოთ საქართველოს ვირტუალური ზონის სტატუსმა და იურიდიული მისამართის რეგისტრაციამ. იმისთვის, რომ საგადასახადო შეღავათები ეფექტურად გამოიყენოთ ან თავად უნდა დაფუძნდეთ საქართველოში ან გადმოიყვანოთ / აიყვანოთ თქვენი პერსონალი (IT თანამშრომლები) საქართველოში, დაიქირაოთ ადგილობრივი ინჟინრები. ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრებთ ამ საკითხზე.
საქართველოს კანონი „საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ“ განმარტავს, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის კომპიუტერული საინფორმაციო სისტემების შესწავლა, მხარდაჭერა, განვითარება, დიზაინი, წარმოება და დანერგვა, რის შედეგადაც მიიღება პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტები. ასე რომ, თუ თქვენი ბიზნესი რომელიმე ამ საქმიანობასთან არის დაკავშირებული თქვენ შეიძლება გქონდეთ უფლება მოიპოვოთ ზემოთ აღნიშნული სტატუსი და მასთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათები.
არ იბეგრება ვირტუალური ზონის პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების:
ა) საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება;
ბ) საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდება დამატებული ღირებულების გადასახადით;
საბოლოოდ, როგორც წესი, კომპანიები იხდიან მხოლოდ მეწილეზე გასაცემი დივიდენდების 5%. თუ არ იქნება გასანაწილებელი დივიდენდი - არ იქნება გადასახადიც.
როგორ უნდა მიიღოთ სტატუსი?
ამისათვის კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ ის მუშაობს IT სფეროში (კერძოდ, კლიენტთან დადებული ხელშეკრულება ან სხვა რელევანტური დოკუმენტაცია, რაც ადასტურებს რომ თქვენ სხვებს აწვდით ინფორმაციული ტექნოლოგიის პროდუქტებს და უწევთ მომსახურებას.
ძირითადი წინაპირობები საგადასახადო შეღავათების მისაღებად:
ა) გქონდეთ რეგისტრირებული ბიზნესი საქართველოში
ბ) თქვენ უნდა უზრუნველყოთ IT სერვისების / პროდუქტების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა (სერვისის მიმღები უნდა იყოს საქართველოს არარეზიდენტი);
გ) თქვენი ძირითადი საქმიანობა IT სფეროში უნდა განხორციელდეს საქართველოში (ეს საკამათო საკითხია და ქვემოთ მას განვიხილავთ).
დასაშვებობა (რას უნდა მივაქციოთ ყურადღება):
2021 წლის აპრილში, შემოსავლების სამსახურმა დაიწყო გამოკითხვა ჰყავდათ თუ არა თანამშრომლები ვირტუალური ზონის სტატუსის მქონე კომპანიებს. მოგვიანებით შემოსავლების სამსახურმა შეცვალა თავისი პოლიტიკა და იმისდა მიუხედავად, რომ კანონმდებლობით ზუსტად ეს საკითხი არ არის განსაზღვრული შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ კომპანიამ უნდა აწარმოოს IT პროდუქტები და მომსახურება საქართველოში რათა შეძლოს 5% გადასახადის გადახდა. ეს ნიშნავს იმას, რომ IT ბიზნესმა უნდა დაამტკიცოს რომ იგი მომსახურებას საქართველოში ახორციელებს.
საქართველოს კანონის „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ მე-6 მუხლის თანახმად ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან.
მოცემული დებულება სხვადასხვანაირად შეიძლება იქნეს გაგებული, ერთი მხრივ რადგანაც კომპანია დარეგისტრირებულია საქართველოში ნიშნავს იმას, რომ კომპანია IT საქმიანობას ახორციელებს საქართველოში. მეორე მხრივ, ეს სფერო მეტად აბსტრაქტულია და არ არის კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალთან დაკავშირებული.
ამავდროულად, თუკი კომპანიას არ ყავს ქართველი თანამშრომლები, არ აქვს ოფისი, არ აქვს გაწეული ხარჯები არსებობს რისკი, რომ თქვენი საქმიანობა დაიბეგრება 5% + 15% მოგების გადასახადით შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით.
რაც უფრო მეტი ფაქტი და დოკუმენტაცია არსებობს იმისა, რომ კომპანია IT საქმიანობას საქართველოში ახორციელებს, ნაკლებია თქვენი კომპანიის სტანდარტულად დაბეგვრის რისკი. ამიტომაც ჩვენ გთავაზობთ საქართველოში საქმიანობის განხორციელების დამამტკიცებელ რამდენიმე გზას:
ა) თანამშრომლების და ოფისის არსებობა საქართველოში: ადგილობრივი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების ან სხვა IT პერსონალის დაქირავება. საქართველოში ამ სფეროში მომუშავე ძალა საკმაოდ კარგია.
თუ თქვენ ხართ ერთკაციანი კომპანია ჩვენ გირჩევთ, რომ კომპანიის დირექტორის საქართველოში ცხოვრება და ოფისის ქონა იქნება დამატებითი აქტივი.
თუ თქვენ ხართ ვირტუალური ზონის კომპანიის დირექტორი და არ ხართ სრულად დაფუძნებული საქართველოში, მაგრამ გყავთ ადგილობრივი თანამშრომლები ჩვენ გირჩევთ, რომ საქმიანი ვიზიტები მოაწყოთ საქართველოში. ეს აჩვენებს, რომ თქვენ გაინტერესებთ ეს ბიზნესი. 1-2 კვირიანი ვიზიტი დაადასტურებს, რომ სულ მცირე თქვენ იცნობთ თანამშრომლებს და დაატრენინგეთ. (მიუხედავად იმისა, რომ ახლა სრულიად შესაძლებელია მათი გაცნობა ვირტუალურად). ხშირად, შემოსავლების სამსახური კითხულობს თუ ამ სტატუსის მქონემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, ამიტომაც ვფიქრობთ ეს იქნება დამატებითი არგუმენტი რომ თქვენ აქ მოდიხართ და პირადად აკონტროლებთ მიმდინარე ბიზნეს პროცესებს.
ბ) ქვეკონტრაქტორების მიერ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება
გ) სხვა ხარჯების ქონა საქართველოში: ის თუ რა დამატებითი ხარჯები შეიძლება იყოს კონკრეტულ შემთხვევაში - რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ინდივიდუალურ სიტუაციაზე. ღირს იმის გათვალისწინება, თუ რა სერვისების გამოყენება შეგიძლიათ საქართველოდან თქვენი სამუშაოსთვის. Მმაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ზოგიერთი ქართული სერვერის მომსახურება.
ნებისმიერი კითხვისთვის - დაგვიკავშირდით: info@LTA.ge
ავტორი: მერი ტოგონიძე
LTA-ს ასოცირებული იურიდიული პარტნიორი



