2024 წელს, საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის მოპოვება საგრძნობლად მოთხოვნადი გახდა, წინა წლებთან შედარებით. საგადასახადო რეზიდენტობა მრავალი სარგებლის მქონე შეიძლება იყოს პირისთვის როგორც გადასახადების ოპტიმიზირების მიზნებისთვის, ასევე ფინანსური, საბანკო მიზნებისთვის. ამ სტატიაში დაწვრილებით განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:
- რა განსხვავებაა საგადასახადო რეზიდენტობასა და საქართველოს ბინადრობის ნებართვას შორის;
- საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის მოპოვების გზებს;
- საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის მოპოვების შედეგებს.
Უპირველეს ყოვლისა საგადასახადო რეზიდენტობის მიღების წინაპირობაა გადასახადის გადამხდელად რეგისტრიაცია, რის შემდეგაც პირს ენიჭება გადასახადის გადამხდელის 9 ნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი და გადაეცემა გადასახადის გადამხდელის მოწმობა და შემოსავლების სამსახურის https://rs.ge პორტალზე შესასვლელად საჭირო მომხმარებლის მონაცემები და პაროლი.
განსხვავება საგადასახადო რეზიდენტობასა და საქართველოს ბინადრობას შორის
საქართველოს ბინადრობის ნებართვა იძლევა შესაძლებლობას იმყოფებოდეთ / იცხოვროთ საქართველოში ნებართვით განსაზღვრული ვადის განმავლობაში, ხოლო საგადასახადო რეზიდენტობა განსაზღვრავს პირის ძირითადი საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის ადგილს და ანიჭებს საგადასახადო რეზიდენტს გარკვეულ საგადასახადო უფლებებს და ვალდებულებებს.
პირი შეიძლება იყოს საქართველოს ბინადრობის მფლობელი, ან თუნდაც მოქალაქე, მაგრამ ამასთანავე, იგი შეიძლება არ იყოს ქვეყნის საგადასახადო რეზიდენტი, შესაბამისად, არ ქონდეს საგადასახადო რეზიდენტის ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო ორგანოების მიმართ. (მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ პირი არ იმყოფებოდა ქვეყანაში ნებისმიერი უწყვეტი 12 თვის განმავლობაში 183 დღეზე მეტი მას არ ექნება საგადასახადო რეზიდენტობის სტატუსი, შესაბამისად, არც საგადასახადო ვალდებულებები დაეკისრება, როგორც საგადასახადო რეზიდენტს), ან პირიქით, იყოს საგადასახადო რეზიდენტი, მაგრამ არ იყოს ბინადრობის / მოქალაქეობის მფლობელი (მაგალითად, ჰქონდეს საგადასახადო რეზიდენტობა იმ გარემოების საფუძველზე, რომ მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირია).
აქვე აღვნიშნავთ, რომ საგადასახადო რეზიდენტობის არ ქონა, ყოველთვის არ გამორიცხავს საქართველოს წინაშე საგადასახადო ვალდებულების არსებობას, რაც ცალკე განხილვის საგანია.
აღსანიშნავია, რომ ბინადრობის ნებართვის (და მოწმობის) ერთ-ერთი სარგებელია საქართველოში არსებულ ბანკებში ანგარიშის გახსნის სიმარტივე.
საგადასახადო რეზიდენტობის მოპოვების საფუძვლები
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საქართველოს რეზიდენტად, მთელი მიმდინარე საგადასახადო წლის განმავლობაში, ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც:
- ფაქტობრივად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღის განმავლობაში ან მეტ ხანს, ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში, რომელიც მთავრდება მიმდინარე საგადასახადო წელს;
- არის მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირი და აკმაყოფილებს შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (იხ. დაწვრილებით);
- ფიზიკური პირი, რომელიც ამ საგადასახადო წლის განმავლობაში იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელმწიფო სამსახურში.
სტატიაში ჩვენ განვიხილავთ პირველ ორ შემთხვევას.
საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობა საქართველოში ფაქტობრივად ყოფნის საფუძველზე
საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროდ ითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლითაც იგი გავიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ სპეციალურად სამკურნალოდ, დასასვენებლად, მივლინებით ან სასწავლებლად.
საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დღედ ითვლება საქართველოს საზღვრის კვეთის შემდეგ დღე, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, მოცემულ შემთხვევაში ყოფნის ხანგრძლივობას მნიშვნელობა არ აქვს.
საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროს არ მიეკუთვნება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში:
ა) როგორც დიპლომატიური ან საკონსულო სტატუსის მქონე პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი;
ბ) როგორც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომელი, ან როგორც საქართველოში უცხო ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში მყოფი პირი ან ასეთი პირის ოჯახის წევრი, გარდა საქართველოს მოქალაქისა;
გ) ერთი უცხო ქვეყნიდან მეორეში საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას;
დ) სამკურნალოდ ან დასასვენებლად.
დოკუმენტები, რომელთა წარდგენაც დაგჭირდებათსაქართველოში ფაქტობივად ყოფნის საფუძველზე საგადასახადო რეზიდენტობის მისაღებად:
საქართველოს საგადასახადო და საბაჟო ორგანოები პროგრამულად აკონტროლებენ ფიზიკური პირის მიერ საზღვრის კვეთის ფაქტს. ამიტომ, საქართველოში ყოფნის დასადასტურებლად საკმარისია საკუთარი პირადობის დამადასტრებელი საბუთის წარდგენა საგადასახადო ორგანოში. ზოგ შემთხვევაში, როცა ფაქტობრივად ყოფნა ასევე დამატებით უნდა დადასტურდეს სხვა ქვეყანაში მივლინებით, სამკურნალოდ, დასასვენებლად, ან სასწავლებლად ყოფნით - შეიძლება საჭირო გახდეს შესაბამისი საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: სამსახურის ბრძანება, შვებულების ფორმა, მკურნალობის დოკუმენტები, მივლინების ფორმები და სხვა.
მოცემული საფუძვლით საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის დასადგენად საკმარისია პირი ფაქტობრივად იმყოფებოდეს საქართველოში 183 დღე ან მეტი, ნებისმიერი უწყვეტი 12 თვიანი პერიოდის განმავლობაში. როგორც აღვნიშნეთ, ფაქტობრივ ყოფნაში მოიაზრება ისეთი შემთხვევაც, როცა პირმა დატოვა საქართველოს ტერიტორია სამკურნალოდ, დასასვენებლად, მივლინებით ან სასწავლებლად.

საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობა მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისთვის
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება №991, ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონი ადგენს მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირის განმარტებას.
მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირია ფიზიკური პირი, რომლის დადასტურებული ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს (დაახლ. 1 მლნ აშშ დოლარი) ან რომლის წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს (დაახლ. 70 ათასი აშშ დოლარს).
მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკურ პირს საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობა ენიჭება იმ შემთხვევებში, თუ:
ა) მას გააჩნია საქართველოში 500,000 აშშ დოლარის ქონება და ბინადრობის ნებართვა / საქართველოს მოქალაქეობა;
ან
ბ) თუ მას გააჩნია საქართველოში 500,000 აშშ დოლარის ქონება და იგი იღებს შემოსავალს საქართველოში არსებული წყაროდან წინა საგადასახადო წლის განმავლობაში 25 000 ლარის (დაახლოებით 8,500 აშშ დოლარი) ან მეტი ოდენობით.
მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისთვის საქართველოს რეზიდენტობის მისანიჭებლად წარსადგენი დოკუმენტებია
ა) პირადობის/ბინადრობის მოწმობა და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ფიზიკური პირის ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან მისი წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს;
ან
ბ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ფიზიკური პირის ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან მისი წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფიზიკური პირი საქართველოში არსებული წყაროდან იღებს საგადასახადო წლის განმავლობაში 25 000 ლარის, ან მეტი ოდენობის შემოსავალს;
გ) მინდობილობა (იმ შემთხვევაში, თუ განცხადება მინდნობილ პირს შეაქვს);
დ) პასპორტის ფერადი ასლი.
ე) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ პირი ფლობს 500,000 აშშ დოლარზე მეტის ქონებას საქართველოში.
მაგალითისთვის, თუ პირის საკუთრებაშია უძრავი ქონება / ქონებები რომელთა ღირებულება 3 მილიონი ლარია (ჯამში ან ცალკე) წარმოსადგენია აღნიშნული ქონების საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ამავდროულად ამ ქონების სერტიფიცირებული შეფასების დოკუმენტი, რითაც დასტურდება ქონების ღირებულება.
საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავდება და დამოკიდებულია კონკრეტული პირის საქმიანობაზე. საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი შეიძლება იყოს - ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, დეპოზიტიდან მიღებული შემოსავალი, ეკონომიკური საქმიანობიდან და ან ხელფასით მიღებული შემოსავალი.
მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირებისთვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების შესახებ განცხადებას განიხილავს შემოსავლების სამსახური, ხოლო საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
როგორც წესი, განხილვას საშუალოდ 1 თვე სჭირდება.
საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის მოპოვების შედეგები
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის მოპოვება წარმოშობს როგორც საგადასახადო უფლებებს ასევე ვალდებულებებს.
საქართველოს საგადასახადო რეზიდენტის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის სტანდარტული განაკვეთი 20%-ია.
ყველაზე საგულისხმო უფლება, რომლითაც საქართველოს საგადასახადო რეზიდენტები ისარგებლებენ, ის არის, რომ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობა, პირის სხვა ქვეყანაში დაბეგვრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში, თუ პირს გააჩნია საქართველოსგან განსხვავებული საცხოვრებელი ადგილი / ეკონომიკური ინტერესების ცენტრი - გასათვალისწინებელია საქართველოსა და შესაბამის ქვეყანას შორის არსებული ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ასეთი ხელშეკრულებით ყოველთვის წესრიგდება რეზიდენტობის საკითხი. ამიტომ, მანამ, სანამ გადაწყვეტთ საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის მოპოვებას, გირჩევთ, რომ გაიაროთ საგადასახადო კონსულტაცია იმ ქვეყნის საგადასადახადო მრჩეველთან, რომელშიც გაგაჩნიათ ძირითადი საცხოვრებელი ადგილი / ეკონომიკური ინტერესების ცენტრი.
ყველაზე ხშირად, საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობა საინტერესოა ისეთი პირისთვის, ვინც არც ერთ ქვეყანაში არ ცხოვრობს 183 დღეზე მეტი.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს რეზიდენტობა ენიჭება პირს ყოველი საგადასახადო წლისთვის ცალ-ცალკე. ამიტომ, ყოველ განმეორებით მოთხოვნაზე ხელახლა წარსადგენია კანონით განსაზღვრული დოკუმენტები.
თუ თქვენ ხართ მნიშვენლოვანი ქონებით უზრუნველყფილი პირი და გსურთ საქართველოს საგადასახადო რეზიდენტობის მოპოვება - დაგვიკავშირდით და ჩვენ ოპერატიულად გაგიწევთ იურიდიულ კონსულტაციას ამ მიზნის მისაღწევად თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი გზის ასარჩევად.
პასუხისმგებლობის უარყოფა: ეს არ არის იურიდიული, საგადასახადო ან საინვესტიციო რჩევა. ჩვენი მოსაზრება არ არის სავალდებულო არც ერთი სასამართლო ან საგადასახადო ორგანოსთვის. ნებისმიერი სახის ინვესტიცია შეიცავს რისკებს.



