მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოში უცხოელების დასაქმებასთან დაკავშირებით
(დამსაქმებლის მიერ განსახორციელებელი მოქმედებები)
2023 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში, რომელიც 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა.
2023 წლის 17 მაისამდე, უცხოელის საქართველოში დასაქმების პირობებს მხოლოდ საქართველოს მთავრობის 417-ე დადგენილება აწესრიგებდა. ცვლილების თარიღიდან, ხსენებულ ურთიერთობებს შრომითი მიგრაციის კანონი დაარეგულირებს.
კანონით რეგულირებას დაექვემდებარა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობასთან და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.
მნიშვნელოვან ტერმინთა განმარტებები
კანონით განისაზღვრა შრომით მიგრაციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცნებები:
კანონის თანახმად, შრომითი იმიგრანტი არის საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოდის ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით. შესაბამისად, შრომით იმიგრანტად ჩაითვლება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მხოლოდ ის უცხოელი, რომელსაც არ აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა და ამასთან, ადგილობრივ დამსაქმებელთან გაფორმებული აქვს შრომის ხელშეკრულება.
საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, ამავე დადგენილების მიზნებიდან გამომდინარე, შრომით იმიგრანტად არ ითვლებიან მუდმივი ბინადრობის ნებართვის , საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის, მუდმივი ცხოვრების ნებართვისა[1] და დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მქონე პირები, აგრეთვე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები.
ასევე დაზუსტდა ადგილობრივი დამსაქმებლის ცნება, რომლის მიხედვით, 2023 წლის 1 სექტემბრიდან, „ადგილობრივი დამსაქმებელია საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, ამხანაგობა, უცხოური ორგანიზაციის საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობა ან საქართველოში კანონიერ საფუძველზე მცხოვრები პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს უფლება, შრომითი ურთიერთობა ჰქონდეს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელთან, და რომელიც იყენებს მის შრომას საქართველოში“.
შრომითი ხელშეკრულების პირობები
კანონის ცვლილებებმა დაადგინა (განავრცო და განამტკიცა) ის მინიმალური მოთხოვნები, რაც საჭიროა შრომით იმიგრანტსა და ადგილობრივ დამსაქმებელს შორის შრომითი საქმიანობის კანონიერებისთვის:
საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერ საფუძველზე მყოფ უცხოელს უფლება აქვს ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობა განახორციელოს ადგილობრივ დამსაქმებელთან. შესაბამისად, ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობაში შესვლა შეზღუდულია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი იმ უცხოელისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად არ იმყოფება. შესაბამისად, შრომით იმიგრანტს, ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ დასაქმებული ისეთი ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისთვის ვიზას საჭიროებს, მაშინ მისი დასაქმების წინაპირობა - ვიზის არსებობაც არის. აქვე - კანონმდებლობა არ გამორიცხავს ქვეყანაში ტურისტული ვიზის საფუძველზე შემოსული პირის დასაქმებას.
კანონის თანახმად, ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების კიდევ ერთი წინაპირობაა შრომითი ხელშეკრულება, რომლისთვისაც შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნების გარდა, ტექნიკური ხასიათის დამატებით მოთხოვნებს ითვალისწინებს შრომითი მიგრაციის შესახებ კანონი და საქართველოს მთავრობის 417-ე დადგენილება:
შრომით ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია:
- - ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის სახელი და გვარი, პირადი ნომერი ან/და ბინადრობის მოწმობის ნომერი ან/და პასპორტის ნომერი;
- - იმ ხელშემკვრელი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი ან იმ ინდივიდუალური მეწარმის ან ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, რომელიც ადგილობრივი დამსაქმებელია;
- - იმ ხელშემკვრელი იურიდიული პირის ან ინდივიდუალური მეწარმის იურიდიული და ფაქტობრივი მისამართები და საბანკო რეკვიზიტები, რომელიც ადგილობრივი დამსაქმებელია;
- - შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა;
- - ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის სამუშაო ადგილი (ორგანიზაციისა და სტრუქტურული ერთეულის სრული სახელწოდებების ჩათვლით, თუ ადგილობრივი დამსაქმებელი იურიდიული პირია);
- - ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის სამუშაო ადგილის სრული მისამართი;
- - ხელშემკვრელი შრომითი იმიგრანტის ძირითადი უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა;
- - ადგილობრივი დამსაქმებლის ძირითადი უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობა.
აღნიშნულ პირობებს არსებული შრომითი ხელშეკრულებები, როგორც წესი, მოიცავს, შესაბამისად, რაიმე ახალი სახის ცვლილებებს შრომით იმიგრანტთან გაფორმებული ხელშეკრულებები არ საჭიროებს, თუმცა კანონი დამატებით ადგენს ერთ მნიშვნელოვან გარემოებას - შრომითი ხელშეკრულება მხოლოდ განსაზღვრული ვადით შეიძლება გაფორმდეს (განსაზღვრუი ვადით ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მეტი იხ. ქვემოთ).
რაც შეეხება შრომითი იმიგრანტის დაცვის გარანტიებს, ის უნდა იყოს ისეთივე ხარისხის, როგორიც საქართველოს მოქალაქის დასაქმების შემთხვევაში. დამსაქმებლის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს შრომის სამართალში განმტკიცებული, თანაბარი მოპყრობის პრინციპი.
ამასთან, შრომითი ხელშეკრულების გაფორმება დასაშვებია მხოლოდ წერილობითი ფორმით ქართულ და შრომითი იმიგრანტისათვის მშობლიურ უცხო ენაზეც (ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, რაც, უმეტეს შემთხვევაში, ინგლისური ენაა). აღნიშნული მოთხოვნა ემსახურება მტკიცების გამარტივებასა და უცხოელი დასაქმებულისთვის უფრო მყარი გარანტიების შექმნას. ამასთან, ადგილობრივი დამსაქმებლისთვის უცხოელ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების გამარტივებას.
ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით გაფორმებასთან დაკავშირებით:
აღნიშნულ ვალდებულებასთან დაკავშირებით (ხელშეკრულების მხოლოდ განსაზღვრული ვადით გაფორმების საკითხზე) ჩნდება რამდენიმე კითხვა, ვინაიდან, დამსაქმებლების უმეტესობას, შრომითი ხელშეკრულებები გაფორმებული აქვთ განუსაზღვრელი ვადით. ასევე, დიდია იმ დასაქმებულთა რაოდენობა, რომლებიც უკვე 30 თვეზე მეტია რაც გააფორმეს შრომითი ხელშეკრულება და შრომის კოდექსის თანახმად, უვადო თანამშრომლებად ითვლებიან.
დამსაქმებლებთან ჩნდება კითხვა, გულისხმობს თუ არა აღნიშნული მოთხოვნები მის გავრცელებას 2023 წლის სექტემბრამდე დადებულ შრომით ხელშეკრულებებზე და შესაძლებელია თუ არა, ვადიანი ხელშეკრულების გაფორმება 30 თვეზე მეტი ვადით (მაგალითად, 5 წლით) და ხომ არ გარდაიქმნება ასეთი შრომითი ურთიერთობა უვადო ურთიერობად, ვინაიდან შრომის კოდექსი ასეთ მოცემულობას ითვალისწინებს?
მოგეხსენებათ, შრომის კოდექსი იმპერატიულად ითვალისწინებს, რომ შრომითი ურთიერთობის დაწყებიდან 30 თვეზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ, შრომითი ურთიერთობა უვადოდ გარდაიქმნება.
კანონი პირდაპირ არ შეიცავს მითითებას, ადგილობრივ დამსაქმებლის ვალდებულების თაობაზე, შეცვალოს 2023 წლის 1 სექტემბრამდე განუსაზღვრელი ვადით გაფორმებული ხელშეკრულებები და მათი მოქმედების დასრულების ვადა კონკრეტული თარიღით განსაზღვროს.
ჩვენი პოზიციით, შრომით იმიგრანტთან 2023 წლის 1 სექტემბრამდე გაფორმებული ხელშეკრულებების ცვლილების და დასაქმების ვადის დაკონკრეტების ვალდებულება არ არსებობს, ვინაიდან კანონი არ შეიცავს უკუძალით მოქმედების დებულებებს.
უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ არ წარმოადგენს პრობლემას 2023 წლის სექტემბრის შემდეგ განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულებაც - თუ ამის სურვილი დასაქმებულს აქვს, შრომის კოდექსის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე (30 თვიანი წესი), ვინაიდან შრომის კოდექსი კი ორგანული კანონია და შრომითი მიგრაციის შესახებ კანონზე მაღლა დგას.
შრომითი მიგრაციის შესახებ კანონით განსაზღვრული ვადით ხელშეკრულებების გაფორმების დაშვება, ჩვენი გადმოსახედით, წარმოადგენს მხოლოდ დამსაქმებლის უფლებას - გააფორმოს ვადიანი ხელშეკრულებები დასაქმებიდან 30 თვიანი ვადის შემდეგაც. თუმცა, დილემა, ჩაითვლება თუ არა აღნიშნული ვადების შედეგად შრომითი ურთიერთობა უვადოდ - ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება და სასამართლოში მსჯელობის საგანი შესაძლოა გახდეს.
დასაქმების შესახებ შეტყობინება
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო მოთხოვნაა, უცხოელის დასაქმების შესახებ შეტყობინების ვალდებულება.
შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში მიღებულ ცვლილებამდე, შრომითი იმიგრანტის დასაქმების შესახებ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსათვის შეტყობინების გაგზავნის (ელ-ფოსტის მისამართზე: infosesa@moh.gov.ge) ვალდებულება არსებობდა მთავრობის დადგენილების საფუძველზე. შეტყობინების გაგზავნა სავალდებულო იყო ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, თუმცა აღნიშნული ინფორმაციის მიუწოდებლობისთვის ან მიწოდების ვადების დაგვიანებისთვის დადგენილება სანქციას არ ითვალისწინებდა, გაურკვეველი იყო ინსპექციისა და გაკონტროლების მექანიზმები, რაც სამართლებრივი თვალსაზრისით გარკვეულ ბუნდოვანებას იწვევდა.
საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, აღნიშნული ბუნდოვანება აღმოფხვრილია. კანონით დადგენილია ადგილობრივი დამსაქმებლის ვალდებულება, საქართველოში შრომითი იმიგრანტის დასაქმების შესახებ მონაცემების სავალდებულო რეგისტრაცია განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში, ხოლო ცვლილებამდე გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი მიწოდება განახორციელოს 2023 წლის 1 ნოემბრამდე.
2023 წლის 17 მაისის ცვლილებებით დადგენილი სანქციები ითვალისწინებს ჯარიმას რეგისტრაციის პორტალზე განუხორციელებლობისთვის 1000 ლარით. იმავე ქმედების მეორედ და მესამედ გამეორება კი გამოიწვევს ჯარიმის თანხის გაზრდას შესაბამისად 2000 და 6000 ლარამდე.
აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების მიზნით, 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა შრომითი მიგრანტების სარეგისტრაციო პორტალი (https://labourmigration.moh.gov.ge/)
D1 კატეგორიის ვიზასა და შრომითი ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებით
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, ცვლილება შევიდა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში, რომლითაც განისაზღვრა D1 კატეგორიის საიმიგრაციო და შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის დამატებითი მოთხოვნა - დასაქმებულის რეგისტრაცია შესაბამის დასაქმებულ პირთა პორტალში.
შესაბამისად, როგორც D1 კატეგორიის ვიზის, ასევე შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემისათვის მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების არსებობა საკმარისი აღარ არის. საჭიროა დასაქმებული რეგისტრირებული იყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემთა ერთიან ბაზაში (https://labourmigration.moh.gov.ge/)), როგორც საქართველოში ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისთვის და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად შემოსული პირი.
2023 წლის 1 სექტემბრიდან, დასაქმებულების შესახებ არსებული ბაზა ხელმისაწვდომია სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის, რაც გაამარტივებს შრომითი ბინადრობის ნებართვების გაცემის პროცედურებს.
ცვლილება შევიდა შრომითი ბინადრობის ნებართვის სააპლიკაციო ფორმაშიც - სადაც სავალდებულოა აღნიშნულ ბაზაში რეგისტრირებული შრომითი იმიგრანტის რეგისტრაციის ნომრის მითითება.
[1] kjbkjbelle



